- ლოს ანჯელეს ლეიკერსი 111:113 დენვერ ნაგეტსი
- დენვერი NBA-ს ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა
- იოკიჩმა და კომპანიამ ლეიკერსს sweep გაუკეთეს
- ლებრონ ჯეიმსის საოცარი თამაში საკმარისი არ იყო
- ‘ვიფიქრებ, ბევრს ვიფიქრებ!’ - ლებრონ ჯეიმსი კარიერას დაასრულებს?
ყველაზე გვიან მესამე თამაშის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ ლეიკერსი ამ სერიას ვეღარ გადაარჩენდა, მაგრამ იმას კი ბევრო ფიქრობდა, რომ მეოთხე თამაშში ლოსანჯელესელები მაქსიმალურად მოინდომებდნენ და დენვერს მთლად 0:4-ს მაინც არ გააბედინებდნენ. მონდომებით მოინდომეს, განსაკუთრებით ლებრონ ჯეიმსმა, მაგრამ იოკიჩის და კომპანიის წინააღმდეგ მაინც ვერაფერს გახდნენ - ისტორიული sweep ვნახეთ.
აი, ასეთი სირცხვილით დამთავრდა სეზონი ლეიკერსისთვის - მიუხედავად იმისა, რომ ლებრონმა ბოლო თამაშში ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და sweep-ის თავიდან ასარიდებლად არანორმალურად იბრძოდა. 38 წლის ჯეიმსმა მთელი 48 წუთი ითამაშა და 40 ქულა (15/25), 10 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.
თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ Crunchtime-ში ლებრონს ორჯერ შეეძლო გათანაბრება, მაგრამ ვერ მოახერხა და თამაშის ბოლო ქულები ნიკოლა იოკიჩს დარჩა (საფინალო სირენამდე 52 წამით ადრე). სერბმა განსაკუთრებით მეორე ტაიმი ჩაატარა შესანიშნავად და 30 ქულით (11/24), 14 მოხსნით და 13 ასისტით კიდევ ერთი სამმაგი დუბლი შეასრულა. მატჩის შემდეგ იოკიჩი ერთხმად დაასახელეს სერიის საუკეთესო კალათბურთელად და მეჯიქ ჯონსონის თასიც გადასცეს. შარშან ეს თასი სტეფ კარის ჰქონდა. იოკიჩს ყველაზე კარგად ჯამალ მარი (25 ქულა, 10/18) და აარონ გორდონი (22, 9/14) ეხმარებოდნენ.
ლეიკერსში კი, მაგალითად, ენტონი დევისმა გვიან “გაიღვიძა” (21 ქულა, 6/15). ოსტინ რივსი 17 ქულამდე ავიდა. იყო მომენტი, როცა ლეიკერსი 15 ქულითაც იგებდა, მაგრამ უპირატესობა მესამე პერიოდში გაანიავა და დენვერს თავის ისტორიაში პირველი sweep გააკეთებინა.
საინტერესო ფაქტები
🏀 | ლებრონ ჯეიმსმა პირველ მეოთხედში 21 ქულა ჩააგდო. ეს მეოთხე შემთხვევაა მის კარიერაში, როცა პოსტსეზონში მინიმუმ 20-ქულიანი მეოთხედი ჩაატარა. ბოლო 25 წელიწადში მასზე ხშირად ეს ჯამალ მარიმ და სტეფ კარიმ გააკეთეს. ლებრონმა ამით პლეი ოფში პირადი რეკორდიც გაიმეორა: ბოლოს 21 ქულა ერთ მეოთხედში 2018 წლის კონფერენციის ფინალის მეორე მატჩში ჰქონდა, ბოსტონთან.
🏀 | პირველი ტაიმის შემდეგ ლებრონს 31 ქულა ჰქონდა (11/13), რაც მანამდე 281 საპლეიოფო მატჩში არასდროს გაუკეთებია.
🏀 | დენვერი არ არის სამქულიანების გუნდი, მაგრამ ნაგეტსის კალათბურთელებმა პირველ ტაიმში 22 სამიანი ისროლეს. ეს იმიტომ, რომ ლოსანჯელესელები იოკიჩს ზონაში კარგად უმკლავდებოდნენ.
🏀 | მაგრამ მერე დაიწყო მესამე პერიოდი, იოკიჩმა MVP-რეჟიმი ჩართო და თამაში თითქმის მარტომ შეატრიალა. სერბმა მარტო ამ მეოთხედში ორმაგი დუბლი შეასრულა (13, 10) და 3 ასისტიც ჰქონდა.
🏀 | მეორე ტაიმში ლეიკერსის პრობლემა მარტო გაფუჭებული ლეიაპები არ ყოფილა. ლოსანჯელესელები მეორე ტაიმში, ბოლო ორ წუთს თუ არ ჩავთვლით, სამქულიანის გარეშე იყვნენ. არადა, პირველ ტაიმში სამიანების მაჩვენებელი 7/11 ჰქონდათ. მეორე ტაიმში კი საბოლოოდ 1/9 გამოვიდა.
ოსტინ რივსი (ლეიკერსი): “დენვერი ძალიან მაგარი გუნდია. ხვრელები ფაქტობრივად არ აქვთ და ოთხივე თამაშში ჩვენზე უკეთესები იყვნენ.”
მაიკლ მელოუნი (დენვერის მთავარი მწვრთნელი) ნიკოლა იოკიჩის შესახებ: “იმედი მაქვს, ახლა მაინც მიიღებს იმ პატივისცემას, რასაც იმსახურებს. შეეშვით მის ფეხებზე შარდვას… მან ახლა უკვე ძალიან დიდ სცენაზე გვიჩვენა, რომ მისი სტატისტიკა ფანტაზია არ არის. მისი MVP-ობები ნამდვილია! ნაღდია მისი სამმაგი დუბლებიც!”
TOP: იოკიჩი - FLOP: დევისი
მერვე სამმაგი დუბლი ამ პოსტსეზონში - ნიკოლა იოკიჩმა ამით პლეი ოფის ძველი რეკორდი მოხსნა, რომელიც უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა (1967). შედარებით ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ, სერბმა მესამე მეოთხედში ბრწყინვალედ ითამაშა და ორივე ფართან შთამბეჭდავი იყო.
ენტონი დევისი კი ალბათ ამ მატჩის მთავარი იმედგაცრუებაა. ასეთ თამაშში AD-ს მეტი მოეთხოვებოდა. დაცვაში ისევ კარგი იყო, მაგრამ ყურადღება აკლდა და დენვერს რამდენიმე იოლი ქულა აჩუქა. შეტევაში თავისი რიტმი საერთოდ ვერ იპოვა.
მოკლედ, დენვერი ფინალშია და ბოსტონსა და მაიამის შორის გამარჯვებულს ელოდება. როგორც იცით, იმ სერიაშიც sweep-ისკენ მიდის საქმე - მაიამი 3:0-ს იგებს. ფინალები 2 ივნისს იწყება.
კომენტარები