Thumbnail

‘ვიფიქრებ, ბევრს ვიფიქრებ!’ - ლებრონ ჯეიმსი კარიერას დაასრულებს?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

დენვერთან 0:4-ის შემდეგ ლეიკერსისთვის სეზონი დამთავრებულია. ახლა ლოსანჯელესური გრანდის გულშემატკივრები და ზოგადად მთელი NBA ლებრონ ჯეიმსის მომავალზე მსჯელობს, რადგან მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით თავისი მომავალი თვითონ 38 წლის სუპერვარსკვლავმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სოლიდური მედიასაშუალებებიც წერენ, რომ ლებრონი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

“ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე,” - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა დენვერთან NBA-ს ნახევარფინალურ სერიაში 0:4 წაგების შემდეგ. ლეიკერსმა მეოთხე თამაში 111:113 წააგო. ლებრონმა გმირულად ითამაშა (40 ქულა,10 მოხსნა, 9 ასისტი) და ბოლოს გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ აარონ გორდონმა დაუფარა.

'ჩემთვის ტიტულისთვის ბრძოლის გარდა სხვა ბრძოლა არ არსებობს, მაგრამ მაინც კარგი სეზონი იყო'

“ახლა უნდა შევხედო, როგორ გაგრძელდება პირადად ჩემი ურთიერთობა კალათბურთთან. ახლა ამაზე ბევრს ვიფიქრებ.” - ესეც ლებრონის სიტყვებია, თუმცა იქვე დაამატა, რომ ბოლო თვეებში გუნდთან ერთად დიდ სიამოვნებას იღებდა, - “ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვარ და თავიც მომყვება… ყველამ ვიცით, როგორიც იყო პირველი თვეები, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი სეზონი გამოვიდა - მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული არ გამოდგა. ჩემთვის ტიტულისთვის ბრძოლის გარდა სხვა ბრძოლა არ არსებობს, მაგრამ მაინც კარგი სეზონი იყო.”

Bleacher Report-ის ჟურნალისტ კრის ჰეინესის ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსი მართლაც სერიოზულად ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. ლებრონმა ეს ESPN-ის ჟურნალისტ დეივ მაკმენამინსაც დაუდასტურა, როცა კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა: “ამაზე ვიფიქრებ.”

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ჯეიმსმა კონტრაქტის ნაადრევ გახანგრძლივებას მოაწერა ხელი (2025 წლამდე), რაც მას ჯამში 97 მილიონ დოლარს მოუტანს. თუმცა ამ გარიგებას ე.წ. მოთამაშის ოპცია აქვს და ჯეიმსს შეუძლია, რომ 2024 წელს თავისუფალი აგენტი გახდეს - თუკი ამას მოისურვებს. ბოლო დროს ლებრონი ხშირად იმეორებდა, რომ კიდევ რამდენიმე წელი სურს თამაში. ცნობილია, რომ მისი მიზანია, შვილთან ერთად ითამაშოს - ბრონი ჯეიმსი NBA-ში შეიძლება 2024-ში აღმოჩნდეს.

ახლა კი აცხადებს, რომ ბევრს იფიქრებს და აღარც კარიერის დასრულებას გამორიცხავს. როგორც ჩანს, ამაზე ფიქრისკენ მას ბევრმა ტრავმებმა უბიძგა. წინა სამ სეზონში მან 60 მატჩიანი ზღვარი ვერ გადალახა, 2022/23 წლების სეზონში კი მხოლოდ 54 მატჩი გამოუვიდა, რაც მეტწილად მისი ტრავმის ბრალია, რომელიც თებერვლის ბოლოს, დალასთან მატჩში მიიღო. მისივე თქმით, მაშინ მას ექიმებმა სეზონის დასრულება ურჩიეს, მაგრამ ლებრონმა გერმანელ ექიმს მიმართა, რომელმაც ფეხზე დააყენა. გამორიცხული ჯერ კიდევ არაა, რომ ახლა ოპერაცია დასჭირდეს.

ამ პოსტსეზონში ლებრონ ჯეიმსს ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად თამაში არ გამოუტოვებია და 16 მატჩში საშუალოდ 24,5 ქულას აგდებდა (9,9 მოხსნა, 6,5 ასისტი, 49,8% თამაშიდან და 26,4% სამქულიანები).

დენვერთან 0:4 ლებრონისთვის მტკივნეულია, მაგრამ არ არის კატასტროფა - მან ნაგეტსი შეაქო: “ეს დენვერი საუკეთესო გუნდია მათ შორის, ვისაც ენტონი დევისთან ერთად შევხვედრივარ.” - თქვა მან მატჩის შემდეგ…

კომენტარები

ბოლო ამბები