Thumbnail
  • Forbes-მა ზაზა ფაჩულიას ვრცელი სტატია მიუძღვნა
  • ავტორი ქართველის კარიერას და განვლილ გზას იხსენებს

საქართველოს ნაკრებისა და გოლდენ სტეიტ უორიორსის ლეგენდარულ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას Forbes-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტული გამოცემა NBA-ის ორგზის გამარჯვებულის კარიერას იხსენებს და ხაზს კალათბურთისადმი მის სიყვარულსა და დამოკიდებულებას უსვამს. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

"გეგმა, ცხრილები, მწვრთნელები და სტრატეგიული სესიები გარდაუვალ ცვლილებებთან უპრობლემოდ გამკვლავებაში ბოლომდე ვერ დაგეხმარება. ეს მაშინ ხდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი და ყველაზე ნაკლებად გსურს. ეს მთლიანად ცვლის შენ რუტინას, გაგდებს კომფორტის ზონიდან და გაიძულებს, რომ ამ ყველაფერს შეეჩვიო. როცა ცდილობ, რომ პროფესიონალურ და პერსონალურ ცხოვრებაში გაერკვე, ცვლილება შენი მუდმივი თანამგზავრი ხდება. NBA-ს ორგზის გამარჯვებულზე, ზაზა ფაჩულიაზე მეტად ეს არავის ესმის.

ზაზა ფაჩულია სპორტულ ოჯახში გაიზარდა, მისი ისტორია თბილისში იწყება. ზაზას კალათბურთი უსაზღვროდ უყვარდა და ბევრი თინეიჯერის მსგავსად, ისიც ოცნებობდა NBA-ში თამაშზე, მაგრამ ოცნებასა და რეალობას შორის დიდი მანძილი, დაუსრულებელი მუშაობა, დიდი იღბალი და შესაძლებლობებია.

მის სამშობლოში კალათბურთის ლიმიტირებული ინფრასტრუქტურა იყო, შესაბამისად, 14 წლის ასაკში, მამამისის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ზაზა დედამისთან ერთად კალათბურთის სათამაშოდ თურქეთში გადავიდა. მას მოუწია ახალი ენისა და კულტურის შესწავლა. ის დაუღალავად ცდილობდა თავისი უნარების დახვეწას. მუდმივად დილით ადრე გაღვიძებისა და ვარჯიშის დაწყების შედეგად, მიხვდა, რომ მას ამ მხრივ ვერავინ აჯობებდა. NBA-ში თამაში მილიონობით თინეიჯერის მიზანია, მაგრამ მხოლოდ 450 ახერხებს შემადგენლობაში მოხვედრას და აქედან მხოლოდ 20%-ია არაამერიკელი. ალბათობა მის მხარეს არ იყო, მაგრამ ის შრომას აგრძელებდა. 

ოცნებიდან რეალობამდე

ზაზამ NBA-ს პირველი კონტრაქტი 19 წლის ასაკში მიიღო. მისმა აგენტმა ის ორლანდოს აეროპორტში დატოვა, წარმატება უსურვა, შებრუნდა და წავიდა. ზაზა აეროპორტში მარტო იმყოფებოდა და იცოდა, წინ რა ელოდა. მან ისწავლა ინგლისური ენა, (ინგლისურთან ერთად ქართულ, თურქულ და რუსულ ენას ფლობდა), კულტურა და აშშ-ს საგადასახადო სისტემა.

ზაზა დრაფტზე 2003 წელს აირჩიეს

როგორც წიგნში The Success Factor არის აღნიშნული, ზაზას ამბიციური თვისებები აქვს: შინაგანი მოტივაცია, ვნება და პასუხისმგებლობა "სახიფათო" კომბინაციაა ნებისმიერი ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც წარმატების მიღწევა სურს. ამან იმუშავა. ზაზამ NBA-ში 16 წელი გაატარა და 1000 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც უმეტესობა მოთამაშეების მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია: "დარბაზში ბევრი კილომეტრი მაქვს ნარბენი", - აღნიშნა ზაზამ.

რაც უფრო მეტს თამაშობდა, მისი მიდგომაც უფრო იცვლებოდა. მან ვარჯიშები და რუტინა შეცვალა: "ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მეტად ხარისხს აქცევ ყურადღებას, ვიდრე რაოდენობას. მცირე დეტალები განასხვავებს კარგს და გამორჩეულს", - აღნიშნა ზაზამ.

NBA-ში სადებიუტო წლიდან ბოლო სეზონამდე, ის ყოველთვის მისი თამაშის გაუმჯობესებაზე მუშაობდა და დარწმუნებული იყო, რომ ასეც ხდებოდა.

წარუმატებლობა მონაცემია

ზაზას გზა NBA-ს ორგზის ჩემპიონობამდე მოფენილია როგორც წარმატებით, ისე წარუმატებლობითაც. არავის არ მოსწონს მარცხი, როცა იცი, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებ. ზაზა ამას ვერ ეგუებოდა, მაგრამ მიზანს ხედავდა. მას ესმის, რომ წარუმატებლობა უბრალოდ მონაცემია. ზაზა საკუთარი თამაშების ვიდეოებს შეცდომების შესასწავლად უყურებდა და არა იმისთვის, რომ ენახა რა გააკეთა სწორად. ყველა გამოსწორებული შეცდომა მის თამაშს აუმჯობესებდა და ის მისიაზე იყო. ზრდასრული სპორტსმენების სწავლებაში ამას თამაშის გაუმჯობესება ჰქვია.

ფაჩულია უორიორსში 2016-2018 წლებში თამაშობდა

NBA-დან Ivy League-მდე

მიუხედავად იმისა, რომ ზაზას კალათბურთი ძალიან უყვარდა, ის ბიზნესს ყოველთვის აქცევდა ყურადღებას. NBA-ში ყოფნის პერიოდში ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობდა - ჰარვარდში, სტენფორდში, ნორზვესტერნის კელოგის მენეჯმენტის სკოლაში და ემორის უნივერსიტეტში.

ზაზამ კარიერის დასრულების შემდეგ კალათბურთის სამყარო არ მიატოვა. დღეს ის გოლდენ სტეიტ უორიორსის საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტი და საბჭოს წევრია, სადაც ის თამაშისადმი სიყვარულს და ბიზნესს აერთიანებს. მას გასახდელში პატივს სცემენ და NBA-ს ახალგაზრდა მოთამაშეების მენტორია. მიუხედავად იმისა, რომ პარკეტზე სასტიკი მეტოქეობით გამოირჩეოდა, მის მიღმა ის საუკეთესო მეგობარი იყო.

კალათბურთზე მისი ზეგავლენა NBA-ს ფარგლებს სცდება. მან საქართველოში კალათბურთის აკადემია გახსნა, სადაც ათასობით ბავშვს თამაშის სიყვარულს უზიარებს.

ზაზა ფაჩულიას საქართველოდან NBA-მდე თავგადასავალი სავსეა დიდი შრომით, მონდომებითა და რუტინასთან ადაპტაციით. მას პრობლემა არასდროს აფერხებს და ყოველთვის გამოსავალს ეძებს. მისი მემკვიდრეობა და ოპტიმიზმი სპორტსმენთა თაობებს შთააგონებს."

შეგახსენებთ, რომ ზაზამ უორიორსის შემადგენლობაში ჩემპიონობა 2017 და 2018 წელს იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები