Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის კანდიდატებში - GOAL-მა რეიტინგი განაახლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა GOAL.COM 2023 წლის ოქროს ბურთის მაძიებელთა რეიტინგი განაახლა, რომლის ათეულში საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაცაა. 

განახლებულ რეიტინგში ხვიჩა მე-8 პოზიციაზეა, სიის სათავეში კი კვლავაც პარი სენ-ჟერმენისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი რჩება. ტოპსამეულში ადგილები ასევე შეინარჩუნეს ნორვეგიელმა ერლინგ ჰაალანდმა (მანჩესტერ სიტი) და ფრანგმა კილიან მბაპემ (პსჟ). აღსანიშნავია, რომ ათეულში სამი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული მანჩესტერ სიტიდანაა, ხოლო ოცეულში - ამავე კლუბის ექვსი ფეხბურთელი.

"2023 წელს "კვარადონას" ფორმა ისეთი აღარ არის, როგორიც მანამდე იყო, მაგრამ იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს 1990 წლის შემდეგ პირველი სკუდეტოს მოგებაში, ნაპოლის გულშემატკივრებს ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ქართველი გარემარბი ევროპულ ფეხბურთში სეზონის ერთ-ერთი მთავარი შენაძენია და რჩება მცველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გასაჩერებელ გარემარბად კონტინენტზე", - წერს GOAL.COM საქართველოს ნაკრების და ნაპოლის 22 წლის ფეხბურთელზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა ვებ-გვერდმა სიმბოლური კლასიფიკაციის შედგენა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ქარიმ ბენზემას 2022 წლის ოქროს ბურთი სულ რამდენიმე დღის მოპოვებული ჰქონდა. თავიდან კვარაცხელია მე-15 იყო, ნოემბერში – მე-10 გახდა, დეკემბერსა და იანვარში – მე-9, თებერვლის კლასიფიკაციებში ჯერ მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგ – მეშვიდეზე, მარტში კი სარეკორდო ადგილს - მე-6 პოზიციას მიაღწია. აპრილიდან კვარამ ისევ უკუსვლა დაიწყო - ჯერ მე-7 იყო, მაისში კი მე-8 გახდა. 

ოქროს ბურთი 2023. მარტის რეიტინგი. GOAL.COM

1. ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა)
2. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
3. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)
4. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია)
5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
6. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, ნიგერია)
7. ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი)
8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო)
9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი)
10. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, არგენტინა).

ლეოს ოქროს ბურთი 7-ჯერ აქვს მოგებული და რეკორდსმენია

 

მსოფლიოს ფეხბურთში წლის საუკეთესო მოთამაშეს ფრანგული გამოცემა "ფრანს ფუტბოლი" აჯილდოებს. შარშან Ballon d'Or მადრიდის რეალის ფრანგ თავდამსხმელს ქარიმ ბენზემას მიაკუთვნეს, წელს კი მისი მფლობელის ვინაობას ოქტომბერში შევიტყობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები