- ორლანდომ გოგა ბითაძის კონტრაქტზე გადაწყვეტილება 30 ივნისამდე უნდა მიიღოს
- სანდრო მამუკელაშვილის ბედიც სან ანტონიოზეა დამოკიდებული
Fadeaway World-მა NBA-ს თავისუფალი აგენტების სია შემოგვთავაზა. ვრცელ სიაში საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ორივე ქართველია: გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, თუმცა ორივეს განსხვავებული სიტუაცია აქვს, როგორც კონტრაქტთან დაკავშირებით, ასევე კლუბში არსებულ ვითარებაზე.
გოგა ბითაძეს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მას მერე, რაც გაცვლით ინდიანა პეისერსიდან ორლანდო მეჯიკში გადავიდა. ორლანდოს რიგებში 17 მატჩში (ერთხელ სასტარტოში) ის საშუალოდ 5.8 ქულას, 5.2 მოხსნას, 1.2 პასსა და 0.9 დაფარებას აკეთებდა.

ზაფხულში გოგა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება თავისუფალი აგენტი, თუ ორლანდო გადაწყვეტს ორწლიანი ხელშეკრულების მეორე ნახევარი აღარ გაუგრძელოს. მოკლედ, ჯერ ფლორიდელთა გადასაწყვეტია ბითაძის ბედი. "გოგა ბითაძე ბრწყინვალე შენაძენია შემადგენლობის სიღრმისთვის, მაგრამ არა იმდენად პროდუქტიული, როგორც ეს ორლანდოს სურს", - წერს გამოცემა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ქართველი ცენტრისა და მეჯიკის გზები გაიყაროს.
რა ხდება ამის შემდეგ? Fadeaway World გოგას ინდიანაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. საქმე ისაა, რომ ასოციაციის წესებით პეისერსს კლუბისთვის საკმაოდ სარფიანი კონტრაქტით შეუძლია გოგას დაბრუნება: "მას მერე, რაც ის ტრეიდით ორლანდოში გაუშვეს, პეისერსი აღარ არის პასუხისმგებელი, რა ბედი ელის ლიგაში ქართველ ცენტრს, მაგრამ მისი დაბრუნება კლუბს საკმაოდ "იაფი" კონტრაქტით შეუძლია.
თუ ბითაძის ორწლიანი ხელშეკრულების მეორე წელს ორლანდო გაახანგრძლივებს, გოგა 2023/24 წლების სეზონში ხელფასის სახით $2.1 მილიონს მიიღებს. გოგასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორლანდომ 30 ივნისამდე უნდა მიიღოს, მერე პრიორიტეტი ინდიანას მიენიჭება, სხვა კლუბებისთვის კი ის თავისუფალი აგენტი იქნება. ინდიანას შეუძლია ახალბედის კონტრაქტის მე-4 წლის ხელშეკრულების გააქტიურება ბითაძისთვის, რომელზეც შემოდგომით კლუბმაც და თავად კალათბურთელმაც ერთხელ უკვე უარი განაცხადეს, თუმცა ინდიანას ამის გაკეთების უფლება რჩება.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი (რომელიც დღეს 24 წლის გახდა) ამ ზაფხულს შეზღუდული თავისუფალი აგენტი ხდება. თუ მისი დატოვება სურს, სან ანტონიომ $2.2 მილიონი უნდა შესთავაზოს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, სან ანტონიო მის შენარჩუნებას აპირებდა, თუმცა სიტუაცია საორჭოფო მას მერე გახდა, რაც სან ანტონიომ დრაფტის ლატარიაში პირველი ნომრობა მოიგო.
კომენტარები