Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 99:116 ბოსტონ სელტიკსი
  • ტეიტუმმა თავის გუნდს 33 ქულით ულიდერა

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის სერია ბოსტონში გადაინაცვლებს. ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე ბევრი ელოდა, რომ ჯიმი ბატლერი და მისი გუნდი სელტიკსს ზედიზედ მე-4 თამაშსაც მოუგებდა და სუპერფინალის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ჯეისონ ტეიტუმმა ამის საშუალება არ მისცა და სხვაობა შეამცირა. ბოსტონმა მაიამის ჰიტს 116:99 მოუგო და სერიის შემოტრიალების მცირე შანსი დაიტოვა.

მიუხედავად მარცხისა, ფლორიდელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს, პირველ მეოთხედში მეტოქეს 6 ქულით მოუგეს და დიდ შესვენებაზეც იგივე უპირატესობით გავიდნენ. "კელტებმა" მესამე პერიოდში გაიღვიძეს, რომელშიც ტეიტუმი შეუჩერებელი იყო. სელტიკსმა ეს მეოთხედი 15 ქულით მოიგო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, პერიმეტრიდან სროლის სტატისტიკაც, რამაც დიდწილად თამაშის შედეგზე გავლენა იქონია - ბოსტონმა 45-დან 19 ჩააგდო, მაიამიმ კი 32-დან 8.

სერია ბოსტონში გადაინაცვლებს

ჯეისონ ტეიტუმს 33 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა, დერიკ უაითმა და ჯეილენ ბრაუნმა კი 16-16 ქულა დააგროვეს. მაიამის მხრიდან 29 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯიმი ბატლერი იყო, ცუდი მატჩი ჰქონდა ბემ ადებაიოს - მის ანგარიშზე 10 ქულა და 5 მოხსნაა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე გუნდს სერია 0:3-დან დაეტრიალებინა. მიუხედავად ამისა, სელტიკსმა ამის მცირე შანსი და იმედი დაიტოვა.

"ჩვენ უბრალოდ ვცდილობდით, რომ სეზონი გადაგვერჩინა", - აღნიშნა ტეიტუმმა მატჩის შემდეგ.

ამ გუნდებს შორის შემდეგი შეხვედრა TD Garden-ში 26 მაისს გაიმართება. დენვერ ნაგეტსი კი სუპერფინალში მეტოქეს ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები