- ოთარ ერანოსიანი ზაფხულში მომავალ ბრძოლას ჩაატარებს
- მენეჯერმა სვიატოსლავ მანგუშევმა "პიტბულის" შესახებ ისაუბრა
ქართველმა მოკრივე ოთარ ერანოსიანმა (13-0) გასულ ოთხშაბათს ProBox TV-ის საღამოს მთავარ ბრძოლაში მექსიკელ ედი ვალენსია მერკადოს (20-11) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. დაუმარცხებელი "პიტბული" WBA-ის ჯუნიორ მსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს და მისი მენეჯერი, სვიატოსლავ მანგუშევის თქმით, მალე დივიზიონის ტოპ მებრძოლებთან იჩხუბებს.
BoxRec-თან ინტერვიუში მანგუშევმა თქვა, რომ ამ ზაფხულში ახალქალაქელი მოკრივე მატჩს წონის ქამრის პრეტენდენტთან გამართავს და მოგების შემთხვევაში ჩემპიონობისთვის ჰექტორ გარსიას (16-1) წინააღმდეგ იბრძოლებს, რომელიც ბოლო დაპირისპირებაში ჯერვონტა დევისთან (29-0) დამარცხდა.
"ოთარმა ისევ აჩვენა, რომ მისი ძალა კრივის ფუნდამენტურ უნარ-ჩვევებშია და ძალიან გამოცდილ მოკრივეს მოუგო, რომელსაც ძალიან მაგარი ყბა აქვს. ერანოსიანი ყოველთვის სწორ პოზიციას არჩევდა, ფეხებზე ბრწყინვალე ბალანსს ინარჩუნებდა, მისი სტილი ვასილი ლომაჩენკოს სტილის აგრესიული ვარიანტია. ოთარს ძალიან ბასრი და ზუსტი ხელები აქვს, თან ყველაზე ძალიან სწრაფად აკეთებს. მისი კომბინაციები ძალისა და სიჩქარის მიქსია, შეტევის დროს, კი სხვადასხვა კუთხეს ისე იყენებს, რომ მეტოქეს კონტრშეტევის საშუალებას არ აძლევს. "პიტბულს" ისეთი პოტენციალი აქვს, რომ მსოფლიო კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი შეუძლია გახდეს," - განაცხადა პრომოუტერმა.

მექსიკელთან გამართულ ბრძოლაზე თავად ოთარმაც ისაუბრა.
"მოგება ყოველთვის კარგია, თუმცა რაც ამ ჩხუბში ვაჩვენე, ჩემი შესაძლებლობების მინიმუმი იყო. ნორმალური ბრძოლა მქონდა, კარგს ვერ დავარქმევ. თუმცა არა უშავს, მთავარია გავიმარჯვე, მომავალი კვირიდან ჩემს გუნდთან ერთად ახალ საწვრთნელ ბანაკს დავიწყებ. მომავალი ასეთია: ყველას დავამარცხებ, ბოლოს მოვუღებ და მსოფლიოს დაუმარცხებელი ჩემპიონი ვიქნები," - განაცხადა ერანოსიანმა.
ოთარმა წინა ჩხუბი გასული წლის სექტემბერში ჩაატარა და სესარ ხუარესს მოუგო, რომელსაც მატჩი ქვემსუბუქი წონის ქამარზე ჰქონდა გამართული. მერკადოს დამარცხების შემდეგ, დიდი ალბათობით, ერანოსიანმა ლამონტ როუჩ ჯუნიორთან (23-1) უნდა იჩხუბოს და მოგების შემთხვევაში სატიტულო მატჩსაც მიიღებს.
კომენტარები