Thumbnail

ინგლისური ნიუკასლმა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური და ამ ამბავმა The Northern Echo-ს საფუძველი მისცა კლუბის ისტორიაში 5 გამორჩეული მომენტი დაესახელებინა, რომლებიც “კაჭკაჭებს” აღნიშნულ ტურნირთან აკავშირებთ.

ხუთეულში ნიუკასლის ქართველი ლეგიონერის თემურ ქეცბაიას გოლიც მოხვდა, რომელმაც კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად გაიყვანა. ქეცბაიამ თავის გამოჩენა 1997 წელს ხორვატულ ზაგრებთან მატჩში მოახერხა.

თემურ ქეცბაიას საგოლე პასი ფაუსტინო ასპრილიამ მისცა

"ნიუკასლი პირველად ისტორიაში იბრძოდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად და ამისთვის ხორვატული ზაგრების ბარიერის დაძლევა სჭორდებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო, რადგანაც მათ სენტ ჯეიმს პარკზე მეტოქეს 2:1 სძლიეს, თუმცა, საპასუხო შეხვედრა ძალიან მძიმე გამოდგა.

ტინო ასპრილის გოლის წყალობით, ნიუკასლმა უპირატესობა გაიმყარა, თუმცა, დარიო სიმიჩმა გაათანაბრა, თამაშის მიწურულს კი, მარიო ცვიტანოვიჩმა საერთო ჯამში წონასწორობა აღადგინა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა და თითქოს ყველაფერი პენალტების სერიამდე მიდიოდა, როდესაც დრამატული მომენტი ვიხილეთ.

შეხვედრის 119-ე წუთზე დევიდ ბეტიმ ხორვატი ფეხბურთელის პასი ჩაჭრა, ბურთი ასპრილიას გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი თემურ ქეცბაია მოძებნა. სწორედ მან გაუტანა ზაგრების გოლკიპერ დრაჟენ ლადიჩს გოლი, რომელმაც ნიუკასლს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა".

ცნობისთვის, ნიუკასლმა 1996-97 წლების პრემიერლიგის სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა და პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ისე გავიდა, რომ ქვეყნის ჩემპიონი არ გამხდარა. თემურ ქეცბაიამ, რომელიც ამჟამად კვიპროსის ნაკრების მწვრთნელია, ნიუკასლის მაისურით პრემიერლიგაში (1997-2000 წლები) 78 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო.

📺 ქეცბაიას გოლი ზაგრებთან

კომენტარები

ბოლო ამბები