Thumbnail

'ჩემს რადარზე რჩება' - ედსონ ბარბოზა ილია თოფურიასთან ჩხუბზე ისევ ფიქრობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიელს ილიასთან ჩხუბზე უარის თქმა ერთხელ უკვე მოუხდა
  • 37 წლის ლეგენდარულ მებრძოლს ქართველთან შეხვედრა ისევ უნდა 

UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს ედსონ ბარბოზას ილია თოფურიასთან შეხვედრა ისევ სურს. ამის შესახებ 37 წლის ბრაზილიელმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე ილიასთან დაპირისპირებაზე უარის თქმა მუხლის სერიოზული ტრავმის გამო, იძულებით მოუხდა და ქართველთან ოქტაგონზე შეხვედრის სურვილი ისევ აქვს.

26 წლის დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლს (13 ბრძოლა და ამდენივე მოგება MMA-ში) ბარბოზასთან გასული წლის 29 ოქტომბერს, ლას ვეგასში უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრაზილიელს მარჯვა მუხლზე ოპერაცია დასჭირდა და ის ბრძოლა ჩაიშალა. 

ბრაზილიელი ილია თოფურიასთან ბრძოლაზე ფიქრს არ ეშვება

"ნაჩხუბარი ვარ ყველასთან - ხაბიბთან (ნურმაგომედოვი), ჯასტინ გეჯისთან… თოფურიასთან ბრძოლაზე უარის თქმა იძულებით მომიხდა. ტრავმებით ბევრჯერ მიჩხუბია, მაგრამ ამჯერად სიარულიც კი არ შემეძლო. ერთ მუხლზე სამი სხვადასხვა დაზიანება მქონდა, შესაბამისად, ოქტაგონზე გასვლა გამორიცხული იყო. ექიმმაც მითხრა, რომ ამ ვითარებაში ჩხუბის ჩატარება წარმოუდგენელი იყო.  სწორედ ამიტომ ჩავეხსენი ბრძოლას. ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდა. მაგრამ ეჭვგარეშეა, ეს ბიჭი ჩემს რადარზე რჩება. მას წარმოდგენაც არ აქვს, რაზეც საუბრობს და ღმერთმა ინებოს, რომ ეს ბრძოლა გამოვიდეს. ეს ბრძოლა შედგება და ნახავს", - ამბობს ბარბოზა, რომელმაც 15 აპრილს ამერიკელი ბილი კუარანტილიო დაამარცხა.

ბრაზილიელს კარიერაში 34 პროფესიონალური ბრძოლა გაუმართავს, აქედან 23 მისი გამარჯვებით დასრულდა. ბარბოზამ უკანასკნელი 10 ჩხუბიდან 7 წააგო, ბოლოს კი 2022 წლის მარტში ბრაის მიტჩელთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. იქამდე ბრაზილიელი გიგა ჭიკაძე დაანოკაუტა.

ამ დროისთვის ილია თოფურია UFC-ის ნახევრადსაშუალო (featherweight) წონის რეიტინგში მე-9 პოზიციას იკავებს, ედსონ ბარბოზა კი მე-14 ადგილზეა. თოფურია, რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობს, UFC-ში მომდევნო შეხვედრას 24 ივნისს გამართავს, მისი მეტოქე კი ამერიკელი ჯოშ ემეტი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები