- ქართველი ფეხბურთელები საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ბრწყინავენ
- გიორგი და ზურიკო ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში ერთად მეოთხედ მოხვდნენ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთად კიდევ ერთხელ მოხვდნენ.
ლიგა 2-მა მეცისა და ბორდოს ქართველი შემტევები 36-ე ტურის რჩეულ 11 მოთამაშეს შორის დაასახელა. სიმბოლური გუნდი 4-4-3 სისტემით არის შედგენილი, გიორგი მიქაუტაძე თავდასხმის ხაზში მარცხენა პოზიციაზეა, ზურიკო დავითაშვილი კი - მარჯვენა ნახევარმცველის ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ლიგა 2-ის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეექვსედ მოხვდა, ის და დავითაშვილი ერთად კი რჩეულთა შორის უკვე მეოთხედ დასახელდნენ. მანამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები 32-ე, 33-ე და 34-ე ტურებში გამოარჩეს.
ბოლო ტურში მეცი მიქაუტაძის გოლით სტუმრად გენგამთან იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდა (1:1). აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველი ფორვარდი შედეგიანი მოქმედებით ზედიზედ მეექვსე მატჩში გამოირჩა - 8 გოლი, 1 საგოლე პასი, ლიგა 2-ის 35 მატჩში გატანილი 23 გოლით კი ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
ბორდომ საკუთარ მოედანზე ლავალი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ზურიკომ ამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში, 86-ე წუთამდე ითამაშა და გოლი და საგოლე პასი მიითვალა, კიდევ ერთი გოლი კი მასზე უხეშობისთვის დანიშნულ საჯარიმოს მოყვა. 22 წლის შემტევ ნახევარმცველს ლიგა 2-ის 28 თამაშში 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.

ბორდოც (მე-2 ადგილი, 69 ქულა) და მეციც (მე-3 ადგილი, 66 ქულა) ლიგა 1-ში აღზევებისთვის იბრვიან და ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან. პირველ ადგილზე ლე ავრია (71 ქულა). ლიგა 2-ის დასრულებამდე ორი ტური რჩება, ელიტაში კი ორი საუკეთესო დაწინაურდება. 26 მაისს დავითაშვილის ბორდო ანესის სტუმრობს, ხოლო მიქაუტაძის მეცი - სოშოს.
კომენტარები