Thumbnail
  • საბურთალო 5:1 სამგურალი
  • დინამო ბათუმი 2:0 თელავი
  • დილა 1:0 გაგრა
  • დინამო ბათუმი ეროვნულ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა

24 მაისის დღის მეორე ნახევარში ეროვნული ლიგის მე-16 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართა. წყალტუბოს სამგურალმა 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და საბურთალოსთან 1:5 წააგო. დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე თელავს უმასპინძლა და . გორის დილამ “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაგრა მიიღო და მეტოქე დაამარცხა. 

საბურთალომ რუსთავის ტექნიკურ ბაზაზე სამგურალი მიიღო, რომელსაც ზედიზედ 9 მატჩში არ წაეგო და მეტოქე 5:1 გაანადგურა. ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ჯინჯოლავამ - თბილისელთა მარცხენა მცველმა გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და საკუთარ გუნდს პენალტი გამოუმუშავა. სწორედ ჯინჯოლავას შექმნილი 11-მეტრიანი იყო შეხვედრის პირველი საგოლე მომენტი, რომელიც შეიკნე სილამ ვერ გამოიყენა - მალელს ნოდარ ყალიჩავამ აჯობა. პენალტის ეპიზოდიდან 2 წუთში მასპინძლებმა ანგარიში მაინც გახსნეს: სწრაფი შეტევა გოლით ლევან ნონიკაშვილმა დაასრულა და ტაიმი საბურთალომ 1:0 მოიგო. მეორე ნახევარში ომარ თეთრაძის გუნდმა კიდევ 4 გოლი გაიტანა: თავი სილამ, ჯინჯოლავამ, ლუკა სილაგაძემ და ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინეს. წყალტუბოელთა შემადგენლობაში პრესტიჟის გოლი ლადო ჩიხრაძემ შეაგდო. 

საბურთალომ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, ზედიზედ 9 მატჩია არ დამარცხებულა - თბილისელებმა ბოლოს სწორედ სამგურალთან წააგეს. თეთრაძის გუნდს 16 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და დღევანდელ მეტოქესთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. მომავალ ტურში საბურთალო თელავს დაუპირისპირდება. გიორგი ჭელიძის გუნდმა 9 აპრილის შემდეგ პირველი მატჩი წააგო. წყალტუბოელები მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე დილას წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

დინამო ბათუმმა თელავს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველ და მეორე ტაიმში თითო-თითო გოლი ფლამარიონ ჯოვინომ შეაგდო. ბრაზილიელს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 11 გატანილი ბურთი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პირველია. დინამო ბათუმს ამ გამარჯვების შემდეგ 35 ქულა აქვს და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი დინამო თბილისის წინააღმდეგ, გასვლაზე ჩაატარებს. თელავს 11 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. გია მიქაძის გუნდი მე-17 ტურში საბურთალოს უმასპინძლებს. 

გორის დილამ რომარიკ ეტოუს ერთადერთი გოლის წყალობით გაგრას მოუგო. ანდრეი დემჩენკოს გუნდს 30 ქულა აქვს და ეროვნული ლიგაში მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას გორელები გასვლაზე, სამგურალი წინააღმდეგ გამართავენ. გაგრას მარცხის შემდეგ 11 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას გაგა კირკიტაძის ფეხბურთელები სამტრედიასთან ჩაატარებენ. 

საბურთალო 5:1 სამგურალი 

გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (‘25), 2:0 სილა (‘57), 3:0 ჯინჯოლავა (‘72), 4:0 სილაგაძე (‘84), 4:1 ჩიხრაძე (‘88), 5:1 ციცქიშვილი (‘90).

გაფუჭებული პენალტი: სილა (‘23. მეკარე)

დილა 1:0 გაგრა 

გოლი: 1:0 ეტოუ (‘60)

დინამო ბათუმი 2:0 თელავი

გოლები: 1:0, 2:0 ჯოვინო (‘35, ‘90+5)

კომენტარები

ბოლო ამბები