Thumbnail
  • ბარსელონა 86:57 მურსია
  • თად მაკფადენი 14 ქულით სტუმართა შემადგენლობაში საუკეთესო იყო
  • საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა გუნდმა პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო

თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიამ სეზონი დაასრულა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელების გუნდმა ლიგა ენდესას რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურის შეხვედრა სტუმრად ლიდერ ბარსელონასთან ჩაატარა და უშანსოდ, 29 ქულის სხვაობით წააგო. 

მაკფადენმაც და ანდრონიკაშვილმაც სათადარიგოთა სკამიდან ითამაშეს. საქართველოს ნაკრების 35 წლის გამთამაშებელი სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო. თადმა მოედანზე გატარებულ 21:19 წუთში 14 ქულა და თითო მოხსნა და პასი მიითვალა. მაკფადენმა 7-იდან 3 სამქულიანი, 4-იდან 1 ორქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 9 ბალი შეადგინა.  

ანდრონიკაშვილმა სათამაშო დრო სულ 6 წუთი მიიღო. 22 წლის მცველმა მეტოქის ფარს ერთხელ პერიმეტრიდან, ორჯერ კი საშუალო დისტანციიდან შეუტია, მაგრამ ყველა ჯერზე უშედეგოდ. რატის აქტივში, რომელიც 3-ჯერ დაჯარიმდა, მხოლოდ თითო ჩაჭრა და დაფარება იყო. 

მურსიამ ლიგა ენდესას რეგულარული ჩემპიონატი 16 მოგებითა და 18 მარცხით, სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე დაასრულა და პლეი ოფის მიღმა დარჩა, სადაც გამოსვლას 8 საუკეთესო გუნდი აგრძელებს. 

თად მაკფადენმა მურსიაში მეორე სეზონი გაატარა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი 2022/23 წლების ლიგა ენდესაში საშუალოდ 21:27 წუთს თამაშობდა და 13,2 ქულას, 1.6 მოხსნასა და 2.2 პასს ითვლიდა. 

მურსიაში შარშან ნოემბერში გადასული რატი ანდონიკაშვილის საშუალო სტატისტიკა 5:23 წუთი, 2.2 ქულა, 0.5 მოხსნა და 1.2 პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები