- ანდრეს ინიესტა ზაფხულში იაპონურ კლუბს დატოვებს
- ლეგენდარული ესპანელი ვისელ კობედან ნაადრევად მიდის
- ის კარიერის დასრულებას არ აპირებს და შეთავაზებებს ელოდება
ანდრეს ინიესტა იაპონურ ვისელ კობეს ტოვებს. 39 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ამის შესახებ ხუთშაბათს ოფიციალურად განაცხადა და საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა. მან წასვლის მიზეზიც დაასახელა: იმის გამო მიდის, რომ იშვიათად ათამაშებენ. საწყის 14 ტურში ის მხოლოდ სამჯერ ათამაშეს შეცვლაზე და ჯამში მოედანზე 38 წუთი გაატარა.
ამრიგად, ბარსელონას ყოფილი სუპერვარსკვლავი იაპონური გრანდიდან მიდის - მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2024 წლის იანვრამდე აქვს გაფორმებული. თუმცა, ინიესტა კარიერას ჯერ არ ამთავრებს!

“ჯერჯერობით, ივლისამდე აქ ვარ, მერე კი ვნახოთ, რა ვარიანტები გამოჩნდება,” - განაცხადა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონმა, - “ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ მინდა. აქ ეს ჩემთვის რთულია. ამიტომ, სხვა ადგილი მინდა ვიპოვო.”
ესპანელმა ისიც თქვა, რომ კობედან ნაადრევად წასვლა “მის კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც სურდა.”

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტა ვისელ კობეში 2018 წელს გადავიდა, მანამდე კი ბარსელონაში 600-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. იაპონიაში მისი ხელფასი თავიდან წელიწადში 30 მილიონი ევრო იყო. იაპონელები ესპანელ ლეგენდას გამოსათხოვარ მატჩსაც მოუწყობენ - 6 ივნისს, ვისელ კობე ტოკიოში ბარსელონას ამხანაგურ მატჩში შეხვდება.
კომენტარები