Thumbnail

NBA-ის დრაფტის ლატარეის შემდეგ, სან ანტონიოს შემადგენლობის შესახებ ბევრი კითხვა გაჩნდა. როგორც იცით, ტექსასურმა გუნდმა პირველი არჩევანის უფლება მიიღო და დიდი ალბათობით, სპურსი საუკუნის ტალანტად წოდებულ ფრანგ ვიქტორ ვემბანიამას აირჩევს. მნიშვნელოვანია, რა ცვლილებები განხორციელდება გრეგ პოპოვიჩის გუნდში, ყველაზე მეტად კი, სანდრო მამუკელაშვილის მომავალი გვაინტერესებს, რომელსაც კლუბთან უკვე არაფერი აკავშირებს და ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი კალათბურთელი კარიერას.

ამერიკული გამოცემები შემადგენლობის მხრივ სხვადასხვა ალტერნატივას განიხილავენ. მაგალითად, Air Alamo წერს, რომ ვემბას დამატების შემდეგ, გერგ პოპოვიჩი შესაძლოა, ისეთ სქემაზე გადავიდეს, რომელშიც მამუკელაშვილს თავისი ადგილი ექნება.

"იმ შემთხვევაში, თუ გრეგ პოპოვიჩი 3 მაღლის როტაციას მიმართავს, ჯერემი სოჩანის სათამაშო დრო გაიზრდება, სანდრო მამუკელაშვილს ან ჩარლზ ბესის კი გარკვეული წუთები მიეცემათ", - წერს გამოცემა.

ზოგადად, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების დამოკიდებულება სანდროს მიმართ ცალსახად პოზიტიურია. ფანები მამუკელაშვილის გუნდში დარჩენას ითხოვენ, მედია კი მის სან ანტონიოში თამაშს დადებითად აფასებს, რაც გასაკვირი არაა, რადგან გადასვლის შემდეგ, 24 წლის მძიმე ფორვარდმა სტატისტიკა საგრძნობლად გააუმჯობესა.

მედია სანდროს სან ანტონიოში თამაშს დადებითად აფასებს

Pounding The Rock-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მამუკელაშვილის ტექსასურ გუნდში გადასვლა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ძალით ჩაგდებული სეზონისა (სან ანტონიოს დრაფტის ლატარეის მაღალი პროცენტი რომ აეღო), გუნდმა ქართველი კალათბურთელი აღმოაჩინა.

"წაგებები ფსიქოლოგიურად რთული გადასატანია, მაგრამ თამაშების ყურებით დიდი სიამოვნება მივიღე. გვექნებოდა მამუკელაშვილის ხილვის შანსი სპურსის ფორმით თუ გუნდი მიზანმიმართულად წაგებებს არ დაიწყებდა? ეჭვი მეპარება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს საბოლოო შედეგები უარყოფითი ჰქონდა, არაერთი დადებითი ამბავი და დასამახსოვრებელი მომენტიც იყო", - წერს Pounding The Rock-ის ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ სანდრო სან ანტონიო სპურსში 19 მატჩში საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა, თამაშიდან კი 45.3% სიზუსტით ისროდა (34% სამქულიანები). 

კომენტარები

ბოლო ამბები