Thumbnail
  • გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე პლეი ოფში მალაგას უნიკახას შეხვდება
  • მეოთხედფინალური სერია სტარტს 28 მაისს აიღებს და ორ მოგებამდეა

ესპანეთის ლიგა ენდესაში რეგულარული სეზონი დასრულდა და ყველა საპლეიოფო წყვილი გაირკვა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე, ხოლო რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის მურსია მე-9 ადგილზე გავია და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

გიორგი შერმადინი უნიკახელი იანკუბა სიმას წინააღმდეგ

შერმადინის კლუბმა 24 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და ასეთივე მაჩვენებლის მქონე მალაგას უნიკახას (გიორგის ყოფილი კლუბი) ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის წყალობით აჯობა. ლიგა ენდესას მეოთხედფინალში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან და მოედნის უპირატესობა ტენერიფელთა მხარეს იქნება.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ლენოვო ტენერიფე და უნიკახა მალაგა ერთმანეთს უკვე 4-ჯერ გადაეყარნენ და თანაბარი ბალანსი აქვთ. ესპანეთის ჩემპიონატის გარდა, გუნდებს დაპირისპირება ქვეყნის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში მოუწიათ.

ახლა, კიდევ მინიმუმ ორი მატჩია გარანტირებული: 28 მაისს ტენერიფეში, ხოლო 1 ივნისს – მალაგაში. თუკი ამ თამაშებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, გადამწყვეტ მატჩს ლენოვო ტენერიფე 4 ივნისს უმასპინძლებს.

ცნობილია, რომ ტენერიფესა და უნიკახას შორის უმჯობესი ლიგა ენდესას ნახევარფინალში ბარსელონასა და ვალენსიას შორის უმჯობესს შეხვდება, ბადის მე-2 ნახევარში კი ბასკონია/ხუვენტუტი და რეალი/გრან კანარია არიან.

34 წლის შერმადინმა რეგულარულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 22:07 წუთი, 14.4 ქულა, 5.4 მოხსნა, 1.2 პასი. ქართველი ცენტრის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 18.7-ს გაუტოლდა, რაც ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები