Thumbnail

ბაიკი ორჯერ დაუზიანდა - გიორგი გახელაძეს სერბეთში არ გაუმართლა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • გიორგი გახელაძემ ენდუროს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა დაიწყო
  • ქართველი მოტომრბოლელი ივნისის დასაწყისში ავსტრიაში იასპარეზებს

სერბეთში, ზლატიბორის, ტარასა და მოკრა გორას მთებში FIM Hard Enduro World Championship-ის პირველი ეტაპი გაიმართა, რომელშიც ქართველი მოტომრბოლელი გიორგი გახელაძე მონაწილეობდა. მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი ეტაპი უიღბლო გამოდგა, რადგან მოტოციკლი დაუზიანდა. სერბეთში გამართული ტურნირის შესახებ თვითონ გიორგი გახელაძეს ვესაუბრეთ.

"საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან კარგად გავიარე და ტოპ 20 რაიდერში ვიყავი. მეორე დღეს, ტყის მონაკვეთის გავლისას ჩანჩქერში ჩავარდი და მოტოციკლს ძრავა დაუზიანდა. ბაიკის შესაკეთებლად საათ-ნახევარი დამჭირდა, დიდი დრო და ბევრი პოზიცია დავკარგე, თუმცა რბოლა მაინც დავასრულე და დისკვალიფიკაცია არ მიმიღია. მესამე დღეს დაკარგული პოზიციების ამოქაჩვას ვცდილობდი, ყველაფერი კარგად გამომდიოდა, ბევრ რაიდერს გავასწარი. თუმცა, ფინიშთან მიახლოებულს მოტოციკლის უკანა წამყვანი ჯაჭვი გამიწყდა და ისევ გაჩერება მომიწია. სამწუხაროდ, დაზიანება ჩემით ვერ შევაკეთე და სერვის ჯგუფს დავუკავშირდი, რომლებიც მოვიდნენ და ბაიკის გამართვაში დამეხმარნენ. ჩვენს შეჯიბრში ასეთი წესია, თუ სერვისის წერტილი ახლოს არ არის, ტრეკზე მოტოციკლის შეკეთება არ შეიძლება, რადგან სხვა მონაწილეებს ხელი ეშლებათ. ასეთ დროს, ან შენით უნდა გამართო ბაიკი, ან როგორმე, სერვის წერტილამდე მიიყვანო. ჩემ შემთხვევაში ვერც ერთს შევძლებდი და ვერც მეორეს. ერთ-ერთმა რაიდერმა საჩივარი დამიწერა, ტრეკის მონაკვეთზე მოტოციკლის შეკეთების გამო კი დისკვალიფიკაცია მივიღე." - გვითხრა გახელაძემ. 

მომდევნო ეტაპი ავსტრიაში გაიმართება. გახელაძე: "Red Bull Erzbergrodeo ძალიან რთული და საინტერესო შეჯიბრია. სრულად კონცენტრირებული ამ ტურნირზე ვარ, მოტოციკლს შეჯიბრების შესაბამისად ვამზადებ და მინდა ჩემი წინა შედეგი გავაუმჯობესო. ავსტრიის ეტაპზე მონაწილეობას 3500 მრბოლელი მიიღებს და მსურს საუკეთესო 50-ეულში მოვხვდე. ქართველი და სხვა კავკასიელი სპორტსმენებიდან ასეთი შედეგი ჯერ არავის ჰქონია."

FIM Hard Enduro World Championship 8 ეტაპისგან შედგება. წელს 7 ეტაპი უკვე დაგეგმილია, ხოლო მერვე, 24MX Hixpania Hard Enduro-ს ჩატარების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ენდურო მოტოსპორტის ახალი სახეობაა და მასში მსოფლიოს ჩემპიონატი 1990 წლიდან ტარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები