- ლიეტუველებთან მატჩი კაუნასში 1 აგვისტოს ჩატარდება
- საქართველოს ნაკრებს სხვა ამხანაგური თამაშებიც ელის
ლიეტუვის საკალათბურთო ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების გეგმა გამოაქვეყნა, საიდანაც ვგებულობთ, რომ საკონტროლო მატჩებში ბალტიისპირელთა ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ეროვნული გუნდი იქნება.
ლიეტუველები მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას 12 ივლისს დაიწყებენ, ტურნირამდე კი ერთბაშად 10 ამხანაგური მატჩი დაგეგმეს. კაზის მასკვიტისის შეგირდები ილიას ზუროსის გუნდს 1 აგვისტოს კაუნასში უმასპინძლებენ.
ამას გარდა, ლიეტუველები ერთბაშად 3-ჯერ შეხვდებიან საფრანგეთს, 2-ჯერ იორდანიას, თითოჯერ კი – უკრაინას, ფინეთს, პუერტო რიკოსა და ლატვიას. უკრაინის გარდა, ლიეტუველთა ყველა მეტოქე ითამაშებს მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ბალტიისპირელთა მოწინააღმდეგეები ეგვიპტე, მექსიკა და მონტენეგრო იქნებიან.

ჯერჯერობით, ოფიციალური მზადების გეგმა არ წარმოუდგენია საქართველოს ნაკრებს, თუმცა, უკვე ვიცით, რომ 5 აგვისტოს, რიგაში ლატვიის ეროვნულ გუნდთან თამაში ჩატარდება. ამას გარდა, იგეგმება ოთხთა ტურნირი თბილისში სავარაუდოდ, მონტენეგროს, ირანისა და იორდანიის მონაწილეობით და მოსამზადებელი თამაში ავსტრალიასთან უკვე იაპონიაში ჩასვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.
F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან. მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.
კომენტარები