- EA Sports-მა ფინანსური მოგების ისტორიულ ნიშნულს მიაღწია
- FIFA 23 კომპანიის ყველაზე წარმატებული თამაშია
- პოპულარული სიმულატორი ახალი სეზონიდან სახელს იცვლის
კარგი დრო EA Sports-ისთვის - ვიდეო თამაშების მწარმოებელმა კომპანიამ ფინანსური მოგების ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, ამის მთავარი მიზეზი კი საფეხბურთო სიმულატორის FIFA 23-ის პოპულარობაა.
ფიფას სერიის ბოლო თამაში ყველაზე წარმატებულია, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ FIFA 23-ის შემოსავალმა წინამორბედთან შედარებით 31 %-იანი ზრდა დააფიქსირა, უფრო მეტიც - ახალმა თამაშმა FIFA 22-ის შემოსავალს 6 თვეში გადაუსწრო. შესაბამისად, ამერიკული დეველოპერული კომპანიისთვის FIFA 23 ყველაზე მომგებიანი თამაში გახდა.

“გაზრდილმა ჩართულობამ და რეკორდულმა სერვისების შესრულებამ მოსალოდნელზე მეტი წარმატება განაპირობა. მომავლის თვალსაზრისით, ჩვენი გუნდი აგრძელებს მოთამაშეებთან იმ გამოცდილებების გაზიარებას, რომლებიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ. ფოკუსირებული ვართ გრძელვადიან პროექტებზე” - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა კრის სუმ.
საერთო ჯამში EA Sports-მა გასულ წელს 7,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ამჟამად, ფიფას გარდა კომპანიის ყველაზე წარმატებული თამაშებია: Apex Legends, Star Wars Jedi: Survivor და The Sims 4. სათქმელია ისიც, რომ საერთო შემოსავლის მხოლოდ 25%-ს თამაშების გაყიდვა შეადგენს, დანარჩენი 75% პირდაპირი სერვისებიდან მოდის, ანუ თამაშში გაყიდვები, როგორებიცაა: FIFA Points Ultimate Team, სკინები Star Wars Jedi: Survivor-ში და მაღაზია Apex Legends-ში.

რამდენად შეძლებს კომპანია ამ რიცხვების შენარჩუნებას, ჯერჯერობოთ, უცნობია. შეგახსენებთ, 2023 წლის შემოდგომაზე საფეხბურთო სიმულატორის ახალი სერია შეცვლილი სახელით გამოვა, რომელსაც EA Sports FC ერქმევა. ამ ეტაპზე, არ ვიცით იქნება, თუ არა EAFC უფასო თამაში. დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ თამაშის ყველაზე მომგებიანი რეჟიმი Ultimate Team ხელმისაწვდომი იქნება.
კომენტარები