Thumbnail

ჟოზე უარზე არ არის - მოურინიო ოფიციალურ წინადადებას ელოდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

რომას მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თანახმაა, სამუშაოდ პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდეს, თუკი ასეთი წინადადებით პარიზული კლუბიდან ოფიციალურად მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ 60 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი იმ კანდიდადტთა სიაშია, რომლებმაც შესაძლოა პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კრისტოფ გალტიე შეცვალონ. ეს უკანასკნელი პსჟ-ს პირველი სეზონია წვრთნის, მისი ვარსკვლავური გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან უკვე გამოვარდა.

პარალელურად, იტალიური მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოურინიოსა და რომას ხელმძღვანელობას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დაძაბულია. 

ჟოზე მოურინიო რომას 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნის და კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს. "განსაკუთრებულმა" რომაელებს შარშან კონფერენსლიგაში გაამარჯვებინა, წელს კი გუნდი ევროპალიგის ფინალში გაიყვანა, სადაც დაპირისპირება სევილიასთან მოუწევს. მატჩი ბუდაპეშტში 31 მაისს უნდა გაიმართოს. იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში გასული 36 ტურის შემდეგ კი, რომას 60 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. 

ჟოზე მოიურინიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვანი სპეციალისტია. მისი ხელმძღვანელობით პორტუმ და მილანის ინტერმა ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვეს, შესაბამისად, 2004 და 2010 წლებში. ამას გარდა, პორტუგალიელმა პორტუს 2003 წელს უეფას თასი მოაგებინა, 2017-ში მანჩესტერ იუნაიტედს - ევროპალიგა, ხოლო 2022-ში რომას - კონფერენსლიგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები