Thumbnail

იტალიური მილანი ფრანგული მეცის ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს გეგმავს და ამ საკითხში ყველაზე მეტად დაწინაურდა. ამის თაობაზე Foot Mercato წერს და გარკვეულ დეტალებსაც ამხელს.

როგორც ირკვევა, მიქაუტაძის ტრანსფერზე მილანის ტექნიკური დირექტორო პაოლო მალდინი პირადად მუშაობს და ის საქართველოს ნაკრების 22 წლის ფორვარდს უკვე რამდენჯერმე ესაუბრა.

"ჩვენი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებმა წინ წაიწია. მილანი სერიოზულად არის დაინტერესებული და მზადაა, მიქაუტაძის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს საკითხი მალდინის აქვს ჩაბარებული, რომელიც ფეხბურთელს არაერთხელ ეკონტაქტა. იგეგმება, რომ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის შემთხვევაში, ის მომავალ სეზონშიც მეცში იქნება განათხოვრებული, ოღონდ, მაშინ თუ ეს კლუბი ფრანგულ ლიგა 1-ში აღზევდა. მიქაუტაძეს დიდი ინტერესით აკვირდებიან ვენსან კომპანი და მისი ბარნლიც", - ვკითხულობთ აღნიშნულ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის ბოლო 11 ტურში 12 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი, ბომბარდირთა დავას 23 გოლით ლიდერობს და უახლოეს კონკურენტს 5 გოლით უსწრებს. ამას გარდა, ქართველ ფორვარდს 8 საგოლე პასი აქვს და ამ მაჩვენებლით ის ჩემპიონატში მეორეა.

კომენტარები

ბოლო ამბები