Thumbnail

ფორმულა 1 | ასტონ მარტინში მონაკოს გრანპრის მოგების იმედი აქვთ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ასტონ მარტინი მონაკოში ტრიუმფს გეგმავს
  • გუნდის შეფმა ფერნანდო ალონსოს მომავალზეც ისაუბრა

ასტონ მარტინში ფიქრობენ, რომ ამ უიკენდზე მონაკოს გრანპრის მოგების კარგი შანსი აქვთ.

“დიახ, ამ რბოლას დიდი იმედებით ვხვდებით. ჩვენი მრბოლელები სიმულატორზე აღფრთოვანებულები იყვნენ. მონაკო სწორედ ის ადგილია, სადაც შანსი გვაქვს,” - განაცხადა ასტონ მარტინის გუნდის შეფმა მაიკ კრეკმა ხუთშაბათს.

როგორც იცით, ამ სეზონში გამართული ხუთივე რბოლა რედ ბულმა მოიგო. მონაკოში კონკურენტებს რეალური შანსის იმედი აქვთ, რადგან მონაკოს ტრასა ნელი მოსახვევებით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით ასტონ მარტინის და ფერარის შანსებს ზრდის, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, თეორიაა.

“ჩვენ რეალურად არ ვიცით, რამდენად ძლიერია რედ ბული High-Down-Force-ტრასებზე. ვარსკვლავებს ვუყურებთ, მაგრამ მიწაზე მყარად ვდგავართ.” - დასძინა ასტონ მარტინის გუნდის შეფმა.

ფერნანდო ალონსო მესამე ადგილზეა და მხოლოდ ფერსტაპენს და პერესს ჩამორჩება

რედ ბულის დომინაცია ამ სეზონშიც აშკარაა, ასტონ მარტინი კი მეორე ადგილზეა, რომლის მთავარი ვარსკვლავი ფერნანდო ალონსო საერთო ჩათვლაში მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ რედ ბულის პილოტებს, მაქს ფერსტაპენს და სერხიო პერესს ჩამორჩება. შეგახსენებთ: ახლახან ცნობილი გახდა, რომ 2026 წლიდან ასტონ მარტინს ძრავებით ჰონდა მოამარაგებს.

აღსანიშნავია, რომ ასტონ მარტინში გრძელვადიანი გეგმები აქვთ უშუალოდ ალონსოსთან დაკავშირებითაც, რომელიც უკვე 41 წლისაა. კრეკის თქმით, 2026 წლის სეზონშიც ესპანელი უნდა იყოს მათი პილოტი: “ვერ ვხედავ ერთ მიზეზსაც კი, თუ რატომ არ უნდა იყოს ფერნანდო ჩვენთან ერთად.” - დასძინა მან.

კომენტარები

ბოლო ამბები