- ანჯელო დი ლივიო ტურინის იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე
- La Gazzetta: ნაპოლის სპორტული დირექტორი იუვენტუსს შეუთანხმდა
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 56 წლის დი ლივიოს სხვადასხვა იტალიურ კლუბში უთამაშია, თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას იუვენტუსთან ერთად მიაღწია, სადაც 3-ჯერ სკუდეტო მოიგო, ერთხელ კი - ჩემპიონთა ლიგა.
Sportitalia-ს ეთერში ანჯელო დი ლივიომ თქვა: "იუვენტუსმაც უნდა გააკეთოს აქცენტი შედარებით უცნობ ფეხბურთელებზე სატრანსფერო ბაზარზე, გვეყო ამდენი პრიმადონა! ამ სეზონში იუვეში ბევრმა იმაზე ნაკლები გვიჩვენა, ვიდრე ველოდით, ეს აშკარაა. ჩემი სურვილი იქნება, რომ მენეჯმენტმა ახალი ვარსკვლავები აღმოაჩინოს, როგორც ნაპოლიმ კვარაცხელია აღმოაჩინა".
შეგახსენებთ, რომ ახლახან ტურინის იუვენტუსს ნაპოლის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი შეუთანხმდა 5-წლიან კონტრაქტზე. დიდი ალბათობით, იუვენტუსის სამომავლო სატრანსფერო პოლიტიკას მთლიანად ჯუნტოლი მიმართავს, რომელსაც იტალიაში კვარაცხელიას აღმომჩენად იცნობენ.
ანჯელო დი ლივიო იუვენტუსში 1993-1999 წლებში თამაშობდა, მან 186 მატჩში 3 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მან 40 შეხვედრა ჩაატარა და 2000 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
კომენტარები