Thumbnail

მომავალი საფეხბურთო უიკენდის მთავარი ამბავი ბუნდესლიგის ბოლო ტური და გერმანიის საჩემპიონო ინტრიგაა: უკანასკნელი ტურის წინ დორტმუნდის ბორუსია მიუნხენის ბაიერნს 2 ქულით უსწრებს.

იმისათვის, რომ რეკორდმაისტერის 10-წლიანი ჰეგემონია დაამხოს, დორტმუნდს საკუთარ მოედანზე მაინცის დამარცხება სჭირდება - გუნდის, რომელსაც სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით მოტივაცია აღარ აქვს. ამ გაგებით უმოტივაციო გუნდს ეთამაშება ბაიერნიც, რომელიც კიოლნში ჩადის. მოკლედ, მიუნხენურ გრანდს მაინცის დახმარება სჭირდება: თუ მაინცელები დორტმუნდს ქულებს წაართმევენ, რეკორდმაისტერს კიოლნში გამარჯვების შემთხვევაში მაინც შეუძლია გაჩემპიონება.

2009 წელი: სვენსონი და ტუხელი მაინცში

მიუხედავად იმისა, რომ არც ვარდებიან და აღარც ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი აქვთ, მაინცელები პირობას დებენ, რომ დორტმუნდში თავს არ დაზოგავენ: “ჩვენი მისიაა, რომ მაინცი რაც შეგვიძლია კარგად წარმოვადგინოთ და წარმოვაჩინოთ. სწორედ ასე მივუდგებით საქმეს ბოლო ტურში და არა ისე, ვის გვინდა დაგვეხმაროთ და ვის ფეხი დავუდოთ. ჩვენ გვინდა, რომ სეზონი კარგი თამაშით და წარმატებით დავასრულოთ.” - განაცხადა მაინცის მთავარმა მწვრთნელმა ბო სვენსონმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ მაინცს ბოლოს ზედიზედ 4 მატჩი აქვს წაგებული.

კითხვაზე, დაეხმარება თუ არა მაინცი ძველ ნაცნობს და ყოფილ მწვრთნელ თომას ტუხელს, რომელიც ახლა ბაიერნის დამრიგებელია, სვენსონმა ასე უპასუხა: “ტუხელის ფაქტორი სულერთია, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის დახმარებას. ჩვენთვის მთავარია, საკუთარ თავს დავეხმაროთ და დორტმუნდში რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.”

შეგახსენებთ, რომ ბო სვენსონი ადრე მაინცის ფეხბურთელი გახლდათ, თომას ტუხელი კი - მისი მწვრთნელი...

კომენტარები

ბოლო ამბები