- ვალენსიას ბრაზილიელი მცველი ვინისიუსის მხარდამჭერების შეტევის ობიექტი გახდა
- ვინისიუსს წითელი გაუუქმეს - ლა ლიგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება
ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებულმა ინციდენტმა სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ რეალის ბრაზილიელი შემტევი ვალენსიასთან მატჩის მიწურულს მეტოქე ფეხბურთელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევეს. მატჩის შემდეგ ვინისიუსმა დაწერა, რომ "მესტალიაზე" ვალენსიას ზოგიერთმა ფანმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ესპანეთი რასისტული ქვეყანაა. რასაც მისი მხარდამჭერი დიდი კამპანია მოყვა.
ლა ლიგამ გადაწყვიტა ვალენსიასთან გაძევებისთვის აღარ დასაჯოს ვინისიუსი, ხოლო "მესტალიაზე" 5 მატჩით დაიკეტა მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა, კლუბს კი ფინანსური ჯარიმაც დაეკისრა, რომელსაც ვალენსია გაასაჩივრებს.

რასისტების მორიგი მსხვერპლი ვალენსიას ბრაზილიელი მცველი გაბრიელ პაულისტა გახდა, მას მერე, რაც მან სოციალურ ქსელში დაწერა "მესტალია, საუკეთესო ხარ". შეურაცხმყოფელი გამოხმაურებების შემდეგ, პაულისტამ დააზუსტა: "თუ მთელი სტადიონი ვინმეს "სულელს" უძახის სულ სხვაა, ვიდრე სიტყვა მაიმუნის დაძახება. თუ ვინმე ასეთი იყო, ის უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა. ჩემი პოსტი რეალზე გამარჯვებას შეეხებოდა, რომლის მიღწევაში ვალენსიას ფანებს ფუნდამენტური როლი ჰქონდათ".

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ვინისიუს ჟუნიორის დამცველები გაბრიელ პაულისტას სოციალურ ქსელში... რასისტულ შეურაცხყოფებს აყენებდნენ. რის გამოც ვალენსიამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა და საკუთარ მცველს მხარი დაუჭირა. "ჩვენი კაპიტანი მოედანზე და მის გარეთაც ნამდვილი მაგალითია სხვებისთვის". რეალთან მატჩი პაულისტამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
კომენტარები