- ლევან გორგაძემ ფანებს სოციალურ ქსელში მიმართა
- დღევანდელი სიტუაცია ნაცუ ბაშოზე
- 'ჩემს აღზრდილებს შორის ყველაზე ძლიერი იყო' - ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა
ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში დაემშვიდობა და მათ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ქართულად და იაპონურად მადლობა გადაუხადა:
"მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო. დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და ამდენი წლის განმავლობაში გულშემატკივრობისთვის! თქვენი გვერდში დგომა ყოველთვის ძალას მაძლევდა, რომ თავდაუზოგავად მებრძოლა!
მაგრამ მოვიდა ის დრო, რომელიც ნებისმიერი სპორტსმენის ცხოვრებაში დგება - დავასრულე მრავალწლიანი კარიერა!
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის და მომავალ ცხოვრებაში კეთილი სურვილებისთვის".
შეგახსენებთ, რომ 35 წლის სუმოისტმა საზაფხულო ბაშოზე პირველი ხუთი მარცხის შემდეგ მავაშის ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა. ის რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ასპარეზობდა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი სუმოს კლუბ კასუგანო ბეიას რიკიში იყო, მისი დებიუტი კი 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. ქართველი სუმოისტი ჯამში 102 ბაშოზე (აქ ტრავმის გამო გამოტოვებული სამიც ითვლება) გამოვიდა, აქედან 80-ჯერ ელიტარულ - მაკუუჩი დივიზიონში. ბოლოს, ის რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-5 ნომერი იყო. ტოჩინოშინმა ერთხელ მოიგო უმაღლესი ჯილდო იმპერატორის თასი. ეს 5 წლის წინ მოხდა. 7 ბაშოს განმავლობაში ის ოძეკის (ჩემპიონი) რანგში ჭიდაობდა, იმპერატორის თასთან კი კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს (ვიცე-ჩემპიონი).
ლევანმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო გინო-შო (ტექნიკური რიკიშის პრიზი), 2-ჯერ - შუკუნ-შო (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), 6-ჯერ - კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი), 2-ჯერ კი კინბოშიც (ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის) ერგო. ტოჩინოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 615 მარცხია, თუმცა, კი, ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა: უკანასკნელ ორ წელიწადში 13-დან 11 ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და რეიტინგში დიდი უკუსვლაც ამიტომ განიცადა. ლევანმა კარიერაში 681 ორთაბრძოლა მოიგო.
ნაცუ ბაშოზე
ნაცუ ბაშოზე 12 დღე მიილია. 11-1 ბალანსით დიდი ჩემპიონი ტერუნოფუჯი ლიდერობს, რომელიც სექტემბრის ბაშოს შემდეგ პირველად ასპარეზობს. ის ყოფილ ოძეკი ასანოიამას ხვდება, რომელსაც 10-2 ბალანსი აქვს. ასევე 10-2 ბალანსი აქვს სეკივაკე კირიბაიამას, რომელმაც წინა ბაშოზე იმპერატორის თასი კარიერაში პირველად მოიპოვა.
კომენტარები