- ბოსტონ სელტიკსი 110:97 მაიამი ჰიტი
- სერიაში ანგარიში 3:2 გახდა, მომდევნო თამაში მაიამიშია
არა, ბოსტონის განადგურება ადვილი არ არის, სელტიკსი ცოცხალია!
მეოთხე თამაშში სტუმრად გამარჯვების და sweep-ის თავიდან აცილების შემდეგ, სელტიკსმა მაიამი NBA-ს ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩშიც დაამარცხა (110:97) და ჰიტს ზედიზედ მეორედ გამოსტაცა ხელიდან ფინალის საგზური.

ბოსტონი მალევე დაწინაურდა და მერე სულ ორნიშნა სხვაობით იგებდა. მასპინძელთა სამქულიანები ვარდებოდა, განსაკუთრებით დერიკ უაითი (24 ქულა, 6/8 სამქულიანი) და მარკუს სმარტი (23 ქულა, 4/6 სამქულიანი) ბრწყინავდნენ. ჯეისონ ტეიტუმმა 21 ქულა ჩააგდო და 10 ასისტი ჰქონდა. ჯეილენ ბრაუნის სახით მეოთხე სტარტერმაც გადალახა არა მარტო 10, არამედ 20-ქულიანი ზღვარი - მის ანგარიშზე 21 ქულა გახლდათ (9/18).
მაიამის სტარტერებიდან კი 10-ზე მეტი ქულა მხოლოდ ჯიმი ბატლერმა (14 ქულა, 5/10) და ბემ ადებაიომ (16, 8/15, 8 მოხსნა, 6 დაკარგვა) ჩააგდეს. სტუმართა ვარსკვლავებს საუკეთესო დღე ნამდვილად არ ჰქონდათ - ბოსტონის აგრესიულ დაცვასთან მათ ბევრი პრობლემა შეექმნათ.
რაც თვალში მოგვხვდა
🏀 | როცა ბოსტონელებს სამქულიანები მისდით, მათი დამარცხება თითქმის შეუძლებელია. ციფრებით რომ ვილაპარაკოთ: როცა სელტიკსი სამიანების 40 პროცენტს მაინც აგდებდა, ამ სეზონში 38 მატჩი მოიგო და მხოლოდ 2 წააგო.
🏀 | პირველ ტაიმში ბოსტონმა 25 სამიანი ისროლა და 11 ჩააგდო. იმავე პერიოდში, მაიამიმ მხოლოდ 11 სამქულიანი ისროლა და 4 ჩააგდო. საბოლოოდ, ბოსტონს სამიანების სიზუსტის 41-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა (16/39) და თამაშიც მოიგო.
🏀 | ზუსტად ისე, როგორც მეოთხე თამაშში, მაიამის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ამჯერადაც დაკარგვები იყო. პირველ ტაიმში მაიამის 10 დაკარგვა ჰქონდა, საიდანაც ბოსტონმა 17 ქულა მიიღო. პლუს ამას, ბოსტონმა 8 მოხსნა გააკეთა შეტევაში და ასე 13 დამატებითი ქულაც მიიღო (მაიამი: 0, 0/5).
🏀 | მაიამის მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა ამჯერად მხოლოდ 3 სათადარიგო კალათბურთელს ენდო, კოდი ზელერი კატასტროფული 4 წუთის მერე ისევ სკამზე დასვა. მარტინმა, რობინსომა და ჰაისმიტმა თავიანთი საქმე მართლაც კარგად გააკეთეს. პირველები შეტევაში იყვნენ კარგები, უკანასკნელი - დაცვაში. ბოსტონიდან კი მთავარი საქმეები სტარტერებმა აკეთეს, სკამიდან კი სელტიკსს ნაკლები შედეგი ჰქონდა. მალკოლმ ბროგდონს ტრავმა აწუხებდა და პარკეტზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა (0 ქულა, 0/2).
🏀 | სელტიკსი პირველი გუნდია NBA-ს ისტორიაში, რომლის სტარტერებმაც ჯამში მინიმუმ 12 ჩაჭრა გააკეთეს და მინიმუმ 12 სამიანი ჩააგდეს.
ჯიმი ბატლერი (მაიამი ჰიტი): “ბოლო ორ თამაშში ჩვენ ჩვენ არ ვიყავით. სროლების გაფუჭების მერე თავს აღარ ვიცავდით. თუმცა პოზიტიურ განწყობაზე ვრჩებით, რადგან ვიცით, რომ მომდევნო მატჩს მოვიგებთ.”
ჯო მაზულა (ბოსტონ სელტიკსის მთავარი მწვრთნელი): “სეზონი 9 თვე გრძელდება და ერთი ცუდი კვირა გვქონდა. ცხადია, ეს ცუდი კვირა ძალიან ცუდ დროს დაემთხვა, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ სერია შემოვატრიალოთ, თუკი ისე ერთად ვიდგებით, როგორც დღეს და ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს ვითამაშეთ.”
ბემ ადებაიო (მაიამი ჰიტი): “რატომ აღარ უნდა გვჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების? ჩვენი არავის სჯეროდა, ყველა ფიქრობდა, რომ მილუოკისთან წავაგებდით. იმავეს ამბობდნენ ნიქსთან სერიაზეც. მიუხედავად ყველაფრისა, ფინალამდე ერთი მოგება გვაშორებს.”
მოკლედ, ბოსტონმა მაიამის 0:3-დან 2:3 ამოუქაჩა. პირველი 3 მატჩის წაგების შემდეგ მეშვიდე თამაშამდე აქამდე მხოლოდ 3 გუნდს მიუღწევია, ბოლოს კი ეს პორტლენდმა გააკეთა 2003 წელს, დალასთან და ბოლოს მაინც წააგო.
მეექვსე თამაში კვირას გამთენიისას გაიმართება და თბილისის დროით 04:30-ზე დაიწყება.
კომენტარები