- ევროშესარჩევში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეს შესაძლოა მწვრთნელი შეუცვალონ
- 61 წლის ლუის დე ლა ფუენტეთი ფედერაციაშიც და გუნდშიც უკმაყოფილონი არიან
- ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ივნისში ერთა ლიგის 1/2-ფინალი ელოდება
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მეტოქე ესპანეთის ეროვნულ გუნდში ყველაფერი რიგზე ვერ არის. შესაძლოა, "ფურია როხას" მთავარ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს თანამდებობის დატოვება მოუხდეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე 61 წლის სპეციალისტის მომავალი ივნისში, ერთა ლიგის ოთხთა ფინალში გუნდის გამოსვლაზე იქნება დამოკიდებული. დე ლა ფუენტეთი უკმაყოფილონი არიან როგორც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) წარმომადგენლები, ისე - ნაკრების მოთამაშეები. პრეტენზიები კი მწვრთნელის მუშაობის მეთოდებსა და შოტლანდიასთან წაგებას უკავშირდება.

ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრები 2023 წლის იანვარში ჩაიბარა და თანამდებობაზე ლუის ენრიკე შეცვალა, რომლის ხელმძღვენლობით "ფურია როხამ" კატარის მუნდიალზე წარუმატებლად იასპარეზა. დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით გუნდმა სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ოთხი მოიგო, ერთი კი დათო. სპეციალისტთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდეა გაფორმებული.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები საქართველოს მეტოქეა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში, სადაც ასევე გამოდიან შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი. ესპანელებმა პირველ ტურში შინ ნორვეგიას აჯობეს - 3:0, მეორეში კი სტუმრად შოტლანდიასთან წააგეს (0:2).

დე ლა ფუენტეს გუნდს ივნისში უეფეას ერთა ლიგის ოთხთა ფინალი ელის, სადაც 1/2-ფინალში მეტოქედ იტალია ჰყავს (15 ივნისს). რაც შეეხება ევროშესარჩევს, აქ "ფურია როხას" მომდევნო თამაშის ჩატარება სწორედ ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდთან მოუწევს - 8 სექტმბერს, სტუმრად საქართველოში.
კომენტარები