- გერმანიის ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება
- შეუძლია თუ არა რეალურად ბაიერნს დორტმუნდის გადასწრება?
- რა ხდებოდა ფეხბურთში, როცა ბაიერნი ბოლოს გერმანიის ჩემპიონი ვერ გახდა
რა შანსი აქვს ბაიერნს? ნაღდად ასეა საქმე? ფაქტია.
არადა, როდესაც გერმანიის ჩემპიონატზე ვსაუბრობთ ხოლმე, ასეთი ფორმულირება ძააალიან იშვიათად გვჭირდება. რა შანსი აქვს ბაიერნს კი არა, არათუ ათიდან ცხრა, შეგრძნების დონეზე, 100-დან 99 შემთხვევაში საკითხი ასე დგას ხოლმე: რა შანსი აქვთ ბაიერნის წინააღმდეგ?
წელს სწორედ ის განსაკუთრებული შემთხვევაა: გერმანიის ჩემპიონობისთვის განკუთვნილი “ვერცხლის სინის”, გნებავთ “მაისტერშალეს” ბედი ბოლო ტურში წყდება და არა, ბაიერნი მართლა არ არის პირველ ადგილზე. 2012 წლის შემდეგ პირველად, ანუ მიუნხენური გრანდის ზედიზედ 10 ჩემპიონობის შემდეგ, ძალიან მაღალია იმის შანსი, რომ რეკორდმაისტერი ჩემპიონი ვერ გახდეს და ეს შანსი დორტმუნდის ბორუსიას აქვს - გუნდს, რომელმაც 11 წლის წინაც წაართვა ბაიერნს ჩემპიონობა. მაშინ ბორუსიამ ეს სულაც ზედიზედ ორჯერ გააკეთა (2011, 2012) და ამით ბავარიელები ისე გააბრაზა, რომ მაშინ ვოლფსბურგში მოთამაშე ჰასან სალიჰამიჯიჩი დღეს ბაიერნის სპორტული დირექტორია და ამ ხნის მანძილზე ბაიერნის გარდა სხვა ვერავინ გახდა ჩემპიონი.
10 წელი ცოტა არ არის. ფეხბურთის ბევრმა ახალმა მოყვარულმა არც კი იცის, რა შეგრძნებაა, როცა ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი ვერ ხდება. იმის უკეთ გასააზრებლად, თუ რამდენად განსაკუთრებული ამბავი შეიძლება მოხდეს შაბათს, ეს სტატიაც უნდა ნახოთ, სადაც იმაზე ვწერთ, თუ რა ხდებოდა ფეხბურთში მაშინ, როცა ბაიერნი ბოლოს ვერ გახდა ჩემპიონი.

კარგი, გვეყო შესავალი. მოკლედ: ბოლო ტურის წინ დორტმუნდის ბორუსია ბაიერნს 2 ქულით უსწრებს და საკმარისია, საკუთარ მოედანზე მაინცს მოუგოს, რომ რეკორდმაისტერს ტახტიდან ჩამოაგდებს. თუ BVB ფრეს ითამაშებს და ბაიერნი კიოლნში მოიგებს, დორტმუნდელები და მიუნხენელები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, მაგრამ ჩემპიონი ბაიერნი გახდება, რადგან ბურთების გაცილებით უკეთესი შეფარდება აქვს (ბაიერნი +53, დორტმუნდი +39). ამრიგად, დორტმუნდელებს მთლად კიოლნის იმედი ვერ ექნებათ - მართალია, კიოლნი ძალიან დიდი ტრადიციების მქონე და მებრძოლი გუნდია, მაგრამ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მოტივაცია არ აქვს. თუმცა აქვს ფინანსური მოტივაცია: თუ დორტმუნდი ჩემპიონი გახდება, კიოლნი მოდესტეს ტრანსფერის გამო ბორუსიასგან დამატებით ფულს მიიღებს (ეს მოდესტეს სატრანსფერო გარიგებაში წინა ზაფხულშივე ჩაიდო).
დორტმუნდი ჩემპიონი ხდება...
...თუ მოუგებს მაინცს.
...თუ ფრეს ითამაშებს მაინცთან და ბაიერნი ვერ მოიგებს კიოლნში.
...თუ წააგებს მაინცთან და ბაიერნი ვერ მოიგებს კიოლნში.
ბაიერნი ჩემპიონი ხდება...
...თუ მოიგებს კიოლნში და დორტმუნდი ვერ მოუგებს მაინცს
რა მეტყველებს დორტმუნდის სასარგებლოდ
ბორუსია საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს. ბუნდესლიგის ყველაზე დიდ არენაზე BVB-მ ბოლო 11 თამაში გამონაკლისის გარეშე მოიგო. კიდევ ერთი მოგება მაინცთან და ბორუსია საკუთარ რეკორდს დაამყარებს: BVB-ს ბუნდესლიგის ერთ სეზონში შინ 15 თამაში (17-დან) აქამდე არასდროს მოუგია და არც 46 ქულა აუღია. კიდევ ერთი პლუსია შედეგიანი წინა ხაზი: ზამთრის პაუზის დასრულების შემდეგ ედინ ტერზიჩის გუნდმა 18 მატჩში შთამბეჭდავი 56 გოლი გაიტანა.
რა მეტყველებს დორტმუნდის წინააღმდეგ
ბორუსია ამ სეზონში კარგი მდევარი იყო, მაგრამ ლიდერის რანგში ნერვები უმტყუნებდა ხოლმე. ჯერ კიდევ ზამთრის პაუზის დროს, ბორუსია ბაიერნს 9 ქულით ჩამორჩებოდა, მას შემდეგ დორტმუნდმა მე-6 ადგილიდან პირველზე აინაცვლა და ახლა ბაიერნს 2 ქულით უსწრებს. თუმცა, ამ პერიოდში ბორუსიამ ორჯერ დაკარგა ლიდერობა. 25-ე ტურში მოპოვებული ლიდერობა 1 ტური გაგრძელდა და მიუნხენში 2:4-ის შემდეგ დაიკარგა. 22 აპრილს, დორტმუნდმა აინტრახტს 4:0 მოუგო და ისევ გალიდერდა, მაგრამ მომდევნო ტურში ბოხუმთან 1:1 ითამაშა და პირველი ადგილი კვლავ დაკარგა.
რა მეტყველებს ბაიერნის სასარგებლოდ
პრინციპში აღარც არაფერი და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ბაიერნის შანსი, რადგან ვის თუ არა ბაიერნს შეუძლია ბოლო წამს კონკურენტისთვის ტიტულის ხელიდან გამოგლეჯა. გაიხსენეთ 1999/2000 წლების სეზონი, როცა ბოლო ტურში ლევერკუზენს უნტერჰახინგთან ერთი ქულაც ჰყოფნიდა ისტორიაში პირველი ჩემპიონობის მოსაპოვებლად, მაგრამ მოულოდნელად წააგო და ბაიერნი მაინც გაჩემპიონდა. 2000/2001 წლების სეზონში კი მიუნხენურმა გრანდმა შალკეს ფანები ატირა - იქ სულ ბოლო წამის დრამა იყო, რადგან შალკე უკვე ზეიმობდა ჩემპიონობას, როცა ბაიერნმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაუთანაბრა ჰამბურგს (95-ე წუთზე პატრიკ ანდერსონის მიერ გატანილი გოლი ბაიერნის ყველა ფანს ნანახი აქვს) და იმ ქულით ჩემპიონი გახდა.
რა მეტყველებს ბაიერნის წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც ბაიერნის მენეჯმენტში ქაოსი დაიწყო და შეფებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანი თომას ტუხელით შეცვალეს, რეკორდმაისტერი გერმანიის თასიდანაც გავარდა, ჩემპიონთა ლიგიდანაც და ბუნდესლიგის ლიდერობაც დაკარგა ერთი კვირის წინ, ლაიპციგთან წაგებით (1:3). ტუხელი ძალიან გაბრაზებული იყო და მართალია, ფეხბურთელები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ ლაიპციგთან ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხი ბაიერნს არც კიოლნში მოგების გარანტიას აძლევს. აქ იმასაც გაგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერს პირველ წრეშიც ძალიან გაუჭირდა კიოლნთან - მიუნხენში აგებდა და იოზუა კიმიხმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა ქულა.
საინტერესო ფაქტები
🟠 2015/2016 წლების სეზონში დორტმუნდის ბორუსიამ 78 ქულა დააგროვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა. გერმანიის ვიცე-ჩემპიონისთვის 78 ქულა რეკორდია. (შეგახსენებთ, რომ ახლა დორტმუნდს 70 ქულა აქვს, ბაიერნს - 68).
🟠 2012/2013 წლების სეზონში ბორუსია ბაიერნს 25 ქულით ჩამორჩა და მაინც მეორე ადგილზე გავიდა, რაც ასევე რეკორდია (ამხელა ჩამორჩენა ვიცე-ჩემპიონს ჩემპიონთან სხვა დროს არ ჰქონია).
🟠 გერმანიის ჩემპიონატის 34 ტურის შემდეგ ჩემპიონს და ვიცე-ჩემპიონს თანაბარი ქულები სულ 6-ჯერ ჰქონდათ. ბოლოს 2000 წელს - ბაიერნს და ლევერკუზენს.
🟠 ბუნდესლიგის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა გუნდს ისეთი კარგი ბურთების შეფარდება ჰქონდა, როგორიც ახლა ბაიერნს აქვს (+53) და ჩემპიონი მაინც ვერ გახდა. ეს გუნდიც ბაიერნი იყო +55-ით და ეს 2012 წელს მოხდა, და მაშინ მიუნხენური გრანდი დღემდე უკანასკნელად ვერ გახდა ჩემპიონი. მაშინ ტიტული დორტმუნდს დარჩა, რომელსაც ახლა +39 აქვს, მაშინ კი ჩემპიონობა +55-ით მოიპოვა.
🟠 ბაიერნს ბუნდესლიგის ამ სეზონში უკვე 90 გოლი აქვს გატანილი. აქამდე მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა გუნდმა ამაზე მეტი გაიტანა და მაინც ვერ გახდა ჩემპიონი - მიონხენგლადბახის ბორუსია 1973/74 წლების სეზონში.
🟠 უკვე ფაქტია, რომ ბაიერნმა 2010/2011 წლების შემდეგ ქულების მიხედვით ყველაზე სუსტი სეზონი ჩაატარა (მაშინ სულაც მესამეზე გავიდა). იმ სეზონში ბაიერნმა მხოლოდ 65 ქულა დააგროვა, წელს კი მაქსიმუმ 71-ის დაგროვება შეუძლია.
კომენტარები