Thumbnail

როგორც უკვე დავწერეთ, საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესას უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული კარიერაში მეორედ მოიგო, რაც უდიდესი წარმატებაა.

გამოკითხვის საბოლოო შედეგები

ლენოვო ცენტრის ქართველმა ლეგიონერმა პირველად ტიტული 2020-21 წლების სეზონში დაისაკუთრა, დღევანდელი წარმატების შემდეგ, ლეგენდარულ არვიდას საბონისს, ტანოკა ბერდს, ლუის სკოლას, ფელიპე რეიესსა და ნიკოლა მიროტიჩს გაუთანაბრდა, ერთადერთი კი ვისაც MVP-ს ტიტული 3-ჯერ მოუპოვებია, დერილ მიდლტონია.

ცნობილი გახდა გამოკითხვის საბოლოოდ შედეგებიც, საიდანაც ვგებულობთ, რომ შერმადინმა კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა. შეგახსენებთ, რომ გასული წლების მსგავსად, საუკეთესოს დასახელებაში მონაწილეობას თავად კალათბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და ქომაგები იღებენ.

დღევანდლამდე მხოლოდ ქომაგთა გამოკითხვის შედეგები იყო ცნობილი და ვიცოდით, რომ შერმადინს 29 ქულა ჰქონდა (გამოკითხვაში ხმების 29.2% მიიღო) და უახლოეს კონკურენტს, მადრიდის რეალის ბოსნია-ჰერცეგოვინელ ვარსკვლავს ძანან მუსას 10 პუნქტით უსწრებდა.

საბოლოო შედეგებით, შერმადინმა 88.6 ქულა მოაგროვა, მუსა (58%) მე-3 ადგილზე გავიდა, მეორე კი ბასკონიას ამერიკელი ლეგიონერი დარიუს ტომპსონი (63.2%) აღმოჩნდა. და როგორ იქნა გამოანგარიშებული ქართველი ცენტრის ქულები?

საქმე ის გახლავთ, რომ შერმადინმა აშკარა უპირატესობით იმარჯვა პრესის წარმომადგენელთა შორის (27.6 ქულა), მე-2 იყო კალათბურთელებს (21) შორის, მწვრთნელებმა კი გიორგი მხოლოდ მე-4 ადგილზე (11) დაასახელეს, თუმცა, საბოლოო წარმატებისთვის ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

გიორგი შერმადინს ჯილდო 11 ათასი მეტრის სიმაღლეზე გადასცეს

"საოცარი გრძნობაა, დაუჯერებელი ამბავია. სიურპრიზი, რომელიც მომიწყვეს, ძალიან ემოციური იყო. ამ მომენტისთვის ყველას დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ ერთი ტიტული? არ ვიცი, არ ვიცი, ამისთვის რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს. მადლობა იმ ხალხს, ვინც მხარი დამიჭირა. ეს ძვირფასი ჯილდო ყველამ ერთად მოვიპოვეთ", - განაცხადა ქართველმა ცენტრმა, რომელსაც პრიზი თვითმფრინავში 11 ათასი მეტრის სიმაღლეზე გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ლიგა ენდესას რეგულარულ სეზონში 24 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და მეოთხედფინალში მალაგას უნიკახას შეხვდება: 28 მაისს ტენერიფეში, ხოლო 1 ივნისს – მალაგაში. თუკი ამ თამაშებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, გადამწყვეტ მატჩს ლენოვო ტენერიფე 4 ივნისს უმასპინძლებს.

34 წლის შერმადინმა რეგულარულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 22:07 წუთი, 14.4 ქულა, 5.4 მოხსნა, 1.2 პასი. ქართველი ცენტრის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 18.7-ს გაუტოლდა, რაც ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები