Thumbnail
  • გიორგი აბურჯანიას ჟილ ვისენტესთან კონტრაქტი ამოეწურა და კლუბს დატოვებს
  • საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ზაფხულში პორტუგალიურ ჟილ ვისენტეს დატოვებს და სათამაშოდ თურქეთში გადაბარგდება. ამის შესახეგ ინფორმაციას გამოცემა A BOLA ავრცელებს.

28 წლის ფეხბურთელს, რომელიც ჟილ ვისენტეში მეორე სეზონს ატარებს, კლუბთან ხელშეკრულება ივნისში უმთავრდება. გიორგი კარიერის გაგრძელებას თურქულ ჰატაისპორში აპირებს, სადაც ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელ საბა ლობჟანიძესთან ერთად ითამაშებს. 

გიორგი აბურჯანია პორტუს წინააღმდეგ

გამოცემის ცნობით, აბურჯანიას წინადადება სხვა თურქული კლუბისგან - ალანიასპორისგანაც ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი ქალაქ ჰატაის კლუბზე შეაჩერა, რომელიც, თურქეთის დასავლეთ რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სუპერლიგას დროებით ჩამოშორდა. საბა ლობჟანიძე სეზონს იჯარით კარაგუმრუკში ატარებს, რის შემდეგაც ჰატაისპორს დაუბრუნდება.

ჟილ ვისენტე პორტუგალიის ჩემპიონატი ბოლო ტურის მატჩს შაბათს გამართავს, აბურჯანიას კი თურქეთში უახლოეს დღეებში ელოდებიან. გიორგი ჰატაისპორში სამედიცინო შემოწმებას ამ უქმეებზე გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმებს. 

ნაკრებში აბურჯანიას ანგარიშზე 38 მატჩში გოლი და 3 საგოლე პასია

გიორგი აბურჯანია სამშობლოში რუსთავის მეტალურგში, გორის დილასა და თბილისის ლოკომოტივში გამოდიოდა, შემდეგ კი ჯერ კვიპროსულ ანორთოსისში, მოგვიანებით კი ესპანეთში გადაბარგდა. ქართველი ნახევარმცველი პირინეის ნახევარკუნძულზე ხიმნასტიკში, სევილია B-ში, ლუგშო, ოვიედოსა და კარტახენაში თამაშობდა. გიორგიმ 2019-20 წლების სეზონი იჯარით ნიდერლანდურ ტვენტეშიც გაატარა, 2021 წლიდან კი პორტუგალიური ჟილ ვისენტეს ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 63 ოფიციალურ შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები