Thumbnail

საქართველოსთან სათამაშოდ თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების სია დაასახელა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • საქართველოს ნაკრები კვიპროსის გუნდს 17 ივნისს შეხვდება
  • თემურ ქეცბაიამ გუნდში 25 ფეხბურთელი გამოიძახა

17 ივნისს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე კვიპროსის გუნდს დაუპირისპირდება. კუნძულელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოსა და ნორვეგიასთან სათამაშოდ გუნდში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. 

კვიპროსის ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებული ფეხბურთელების უმრავლესობა ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს და უმეტეს მათგანს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ევროპის ტოპ 5 ლიგიდან თემურ ქეცბაიას გუნდში ერთი ფეხბურთელია - გრიგორის კასტანოსი სალერნიტანაში თამაშობს. 

მცველები, სტელიოს ანდრეუ და კონსტანტინოს ლაიფისი ბელგიაში გამოდიან, პირველი შარლერუას, მეორე ლიეჟის სტანდარტის მოთამაშეა. ნიკოლას იოანუ იტალიის სერია B-ს კომოს ღირსებას იცავს, ალექსანდროს გოგიჩი შოტლანდიურ სენტ მირენში თამაშობს. კიდევ ორი ლეგიონერი კვიპროსელებს თავდასხმის ხაზში ჰყავთ - პიერო სოტირიუ იაპონურ სანფრესე ჰიროსიმას მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, მარინოს ძიონისი MLS კანზას სიტიში მეორე სეზონს ატარებს და ამერიკულ ლიგაში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. 

მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის მხრივ კვიპროსის გუნდი ძლიერი ნამდვილად არ არის, საქართველოს ნაკრებს ადვილი თამაში ნამდვილად არ ელის. 

მეკარეები: ნეოფიტოს მიხაილი (ანორთოსისი), დიმიტრის დიმიტრიუ (აპოლონი), კონსტანტინუს პანაი (ომონია);

მცველები: მარიოს ანტონიადისი (ანორთოსისი), ანდრეას კარო (აპოელი), ხარალაბოს კირიაკუ (აპოლონი), კოსტას პილეასი (არისი), იოანის კუსულოსი (ომონია), ნიკოლას იოანუ (კომო 1907), სტელიოს ანდრეუ (შარლერუა), კონსტანტინოს ლაიფისი (სტანდარტ ლიეჟი);

ნახევარმცველები: დიმიტრის ხრისტოფი, კოსტაკის არტიმატასი, მიხალის იოანუ (ყველა ანორთოსისი), დანილო სპოლიარიჩი (აპოლონი), ხარალაბოს ხარალაბუსი (ომონია), ალექსანდროს გოგიჩი (სენტ მირენი), გრიგორის კასტანოსი (სალერნიტანა);

თავდამსხმელები: მინას ადონიუ (ანორთოსისი), ანდრეას პონიაჰიოტუ ფილიოტისი, იონანის პიტასი (ორივე აპოლონი), ანდრონიკოს კაკულისი, იოიზოს იოიზუ (ომონია), პიერო სოტირიუ (სანფრესე ჰიროსიმა), მარინოს ძიონისი (კანზას სიტი);

კვიპროსმა მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე ერთი შეხვედრა ჩაატარა და გასვლაზე შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა, ვილი სანიოლის გუნდმა ნორვეგიასთან ფრედ, 1:1 ითამაშა. საქართველოს მომავალ მეტოქესთან, ჯამში 6 მატჩი აქვს გამართული, რომელთაგანაც 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 3 წააგო. გუნდებს შორის ბოლო თამაში 2017 წელს გაიმართა - გორში გამართული ამხანაგური შეხვედრა მასპინძლებმა გიორგი ქვილითაიას ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები