- ქართველმა ძიუდოისტებმა დილის სესიაში მხოლოდ თითო ორთაბრძოლა წააგეს
- ავსტრიულ ტურნირზე საღამოს ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება
ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრან პრიზე საქმეში 2 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატამიზე დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი გავიდნენ, რომელთაც დილის სესიაში მხოლოდ თითო ორთაბრძოლა დათმეს და საღამოს ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.
23 წლის გოჩილაიძემ გზიდან ურუგვაელი ალან აპრაჰამიანი, ჩეხი იან სვობოდა და იტალიელი კენი კომი ბედელი ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი ესპანელ ხოსე მარია მენდიოლა იზკუიეტასთან წააგო. ამგვარად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მოლდოველ ვიქტორ სტერპუს აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს გაეჯიბრება.
21 წლის დვალაშვილმა საწყის რაუნდებში ასევე სამ მეტოქეს აჯობა: ამერიკელ კელ ბერლინერს, შვეიცარიელ ლუკას ვიტვერსა და გერმანელ ტიმ გრამკოუს. ზაური მეოთხედფინალში სწორედ ვახიდ ბორჩაშვილთან დამარცხდა, რეპეშაჟში ფინელ ეეტუ იჰანამაკის სძლია, ბრინჯაოსთვის კი ხსენებულ ესპანელ მენდიოლა იზკუიეტასთან დაპირისპირება ელის.
საღამოს სესიაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და ისიც ვთვათ, რომ 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი შამილ ბორჩაშვილი უკრაინელ მიხაილო სვიდრაკს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ლინცის გრან პრიზე კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 90 კგ-ში ბაქარ ერაშვილი მე-2 წრეშია დაშვებული და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტუარტ მაკვატს დაუპირისპირდება, ხოლო 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანი ძალებს გერმანელ კილიან კაპელმეიერთან მოსინჯავს.
კომენტარები