Thumbnail

ფიბა-ს ოფიციალურმა საიტმა საგანგებო სტატია მიუძღვნა იმ ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ასეთი სულ ოთხია, საინტერესო კი ისაა, რომ მათგან ორნი – საქართველო და კაბო-ვერდე ერთ ჯგუფში მოხვდნენ და თანაც ერთმანეთს გახსნის მატჩში დაუპირისპირდებიან.

"მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ნამდვილად დიდი საქმეა და თუკი ზოგიერთებითვის ეს ჩვეულებრივი რამაა (მაგალითად, აშშ-სა და ბრაზილიას არცერთი ტურნირი არ გამოუტოვებიათ), არიან ისეთებიც, ვისაც ფინალურ ეტაპზე პირველად ვიხილავთ.

ყველამ ვიხილეთ, რამხელა სამუშოა გასწიეს მათ მსოფლიოს პირველობაზე მოსახვედრად და რას ნიშნავდა ეს წარმატება მათი ერთგული ქომაგებისთვის. ნამდვილად ისტორიული მომენტები იქნება, როდესაც ეს ნაკრებები ტურნირზე პირველი მატჩების ჩასატარებლად გავლენ და ეგებ პირველი მოგებებიც მიითვალონ. დებიუტანტები სამხრეთ სუდანი, კაბო-ვერდე, საქართველო და ლატვია არიან.

სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი როლი ექნებათ

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ ოკინავაში ნამდვილად უნიკალური სიტუაცია გვექნება, როდესაც ერთმანეთს კაბო-ვერდე და საქართველო დაუპირისპირდებიან. ამ შემთხვევაში წინდაწინ გვეცოდინება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ორი დებიუტანტიდან რომელიღაც ისტორიაში პირველ გამარჯვებასაც გაიფორმებს.

"ლურჯი ზვიგენები" ბოლოები იყვნენ, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გაიფორმეს. სათქმელია ისიც, რომ კაბო-ვერდე ყველაზე პატარა ქვეყანაა, ვისაც კი როდისმე ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე უთამაშია. მიზანს სულ რამდენიმე დღით ადრე მიაღწია საქართველომ, რომელმაც კალათბურთზე შეშლილ ერს ხმაურიანი ზეიმის კიდევ ერთი საბაბი მისცა.

სწორედ ამ შეხვედრაში გავიგებთ, შესძლებს თუ არა ედი ტავარეშის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვების გაფორმებას კაბო-ვერდე თუ ეს საქართველო იქნება, რომელსაც ისეთი ტალანტების შეკრება შეუძლია, როგორებიც თოკო შენგელია, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი არიან".

კაბო-ვერდეს ნაკრების მთავარი იმედი რეალის ვარსკვლავი ვალტერ ტავარეშია

შეგახსენებთ, რომ რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან. მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები