- ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ თომას ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა
- ბაიერნის მთავარი მწვრთნელი დორტმუნდს დიდად არ დაემუქრა
- რა ხდებოდა ფეხბურთში, როცა ბაიერნი ბოლოს გერმანიის ჩემპიონი ვერ გახდა
ერთხელ გაიხუმრა, სხვა მხრივ კი, მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის გამოსვლას ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოკრძალებული უფრო ეთქმოდა.
კიოლნთან გასვლითი მატჩის წინ, რომლის მოგების შემთხვევაში რეკორდმაისტერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ჩემპიონი, თუ დორტმუნდის ბორუსია პარალელურად მაინცს ვერ მოუგებს, ტუხელმა დორტმუნდელების მისამართით მუქარის შემცველ სიტყვებზე უარი თქვა. პრინციპში, ეს ლოგიკურიცაა: მიუნხენში ახლა მუქარისაც რცხვენიათ. ბაიერნის მდგომარეობა ცხადზე უცხადესია: მიუნხენელები ჩემპიონები მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ კიოლნში მოიგებენ, დორტმუნდი კი მაინცთან ქულებს დაკარგავს.
'თუ ბაიერნისთვის ვთამაშობთ და ბაიერნში ვმუშაობთ, საფინალო სასტვენამდე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ'
“საკმარისად ბევრი შეცდომა დავუშვით იმისათვის, რომ ბოლო ტურის წინ ასეთ მდგომარეობაში ვყოფილიყავით.” - თქვა ტუხელმა. გადამწყვეტი შეცდომა ბაიერნმა ნამდვილად წინა კვირაში დაუშვა, როცა შინ ლაიპციგთან დამარცხდა და პირველი ადგილი დათმო. “ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა!” - დასძინა ბაიერნის მწვრთნელმა, - “რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ეს რბოლა გამარჯვებამდე მივიყვანოთ, მაგრამ ეს ვეღარ გახდება ისეთი სეზონი, რომლითაც კმაყოფილები ვიქნებით. ეს ვეღარ იქნება ისეთი სეზონი, რომელში მოპოვებული ქულების რაოდენობა ასახავს ჩვენს ხარისხს და მიზნებს. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დასრულდება, ეს ვეღარ იქნება დამაკმაყოფილებელი სეზონი.”
მისი სიტყვები ისე ჟღერდა, როგორც მოწოდება გაძლებაზე ისეთი გუნდისთვის, რომელსაც სასწრაფოდ დასვენება და ბევრი რამის გაანალიზება სჭირდება. “ცხადია, სეზონი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ,” - გაიმეორა ტუხელმა, - “ეს ჩვენი სამსახურია, ჩვენი მოვალეობაა - მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, მიუხედავად იმისა, რა ანგარიშია ტაბლოზე. თუ ბაიერნისთვის ვთამაშობთ და ბაიერნში ვმუშაობთ, საფინალო სასტვენამდე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ.”

რეკორდმაისტერის დამრიგებელმა ისიც თქვა, რომ თამაშის ხარისხითაც არ არის კმაყოფილი: “ჩვენი მიზანი და ამოცანაა, დომინანტური, სწრაფი, უშეცდომო ფეხბურთს ვთამაშობდეთ, კარგად ვკომბინირებდეთ, მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ. და ეს ახლა არ გამოგვდის.”
თუ მოხდა სასწაული და დორტმუნდმა მაინც ვერ მოუგო, ტუხელი ამბობს: “რა თქმა უნდა, არავის არაფერს ვაჩუქებთ. ჩვენ უკვე გავუკეთეთ დორტმუნდს საჩუქარი, 4 კვირის წინ.”
4 კვირის წინ ბაიერნმა მაინცთან 1:3 წააგო. მას შემდეგ მაინცმა 4 მატჩი ჩაატარა და ოთხივეში დამარცხდა…
კომენტარები