- ორივე მათგანმა წარმატებას 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მიაღწია
- ავსტრიული ტურნირი ხვალ დასრულდება და კიდევ 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ქართველმა ძიუდოისტებმა დიმიტრი გოჩილაიძემა და ზაურ დვალაშვილმა ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრან პრიზე ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხეს. მათ აღნიშნულ წარმატებას 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის გოჩილაიძემ დილის სესიაში გზიდან ურუგვაელი ალან აპრაჰამიანი, ჩეხი იან სვობოდა და იტალიელი კენი კომი ბედელი ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი ესპანელ ხოსე მარია მენდიოლა იზკუიეტასთან წააგო. ამგვარად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მოლდოველ ვიქტორ სტერპუს აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი დაამარცხა.
21 წლის დვალაშვილმა საწყის რაუნდებში ასევე სამ მეტოქეს აჯობა: ამერიკელ კელ ბერლინერს, შვეიცარიელ ლუკას ვიტვერსა და გერმანელ ტიმ გრამკოუს. ზაური მეოთხედფინალში სწორედ ვახიდ ბორჩაშვილთან დამარცხდა, რეპეშაჟში ფინელ ეეტუ იჰანამაკის სძლია, ბრინჯაოსთვის კი ხსენებულ ესპანელ მენდიოლა იზკუიეტასთან მოუგო. საინტერესოა, რომ ამ წონაში ოქროს მედალი ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ლინცის გრან პრიზე კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 90 კგ-ში ბაქარ ერაშვილი მე-2 წრეშია დაშვებული და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტუარტ მაკვატს დაუპირისპირდება, ხოლო 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანი ძალებს გერმანელ კილიან კაპელმეიერთან მოსინჯავს.
კომენტარები