Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ინგლისთან ისტორიული მატჩისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 27 მაისი | ⌚ 19:00 | 🏟 ავჭალა | 🏉 U20 საქართველო V ინგლისი | 📺 Rugby TV
  • ლეგიონერთა დიდ ნაწილს საფრანგეთში პლეი-ოფები ელის და ჯერ შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა

27 მაისს უმცროსი ბორჯღალოსნები ავჭალის სარაგბო სტადიონზე ისტორიულ თამაშს გამართავენ. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებთან სათამაშოდ ინგლისელი თანატოლები ჩამოვიდნენ.

ინგლისელ 20-წლამდელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ ამხანაგურ მატჩში არასდროს შევხვედრილვართ და ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იქნება, რომელსაც 4 დღეში, 1 ივნისს მეორე მოჰყვება.

საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებები სამხრეთ აფრიკაში გასამართი ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან და ეს ორივესთვის ბოლო საკონტროლო მატჩები იქნება.

ინგლისი საქართველოში სიახლით მოდის. მას შემდეგ, რაც 2023 წლის 20-წლამდელთა ექვს ერზე ინგლისმა მე-4 ადგილი დაიკავა, რაგბის კავშირმა მთავარი მწვრთნელის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და სულ რამდენიმე დღის წინ ეს თანამდებობა მარკ მეიპლტოფტმა დაიკავა, რომელიც აქამდე 18-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა.

მარკ მეიპლტოფტი ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებში დააწინაურეს

ახალმა მწვრთნელმა საქართველოში 29 მოთამაშე ჩამოიყვანა. გაფართოებულ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერშიფის 11-ვე კლუბის მოთამაშეები არიან წარმოდგენილი. ყველაზე მეტი, 7 მორაგბე ჰარლექუინსიდანაა, სეილ შარქსიდან – 5, ლესტერ თაიგერსიდან – 4, სხვა კლუბებს კი 20-წლამდელებში ერთი ან ორი მოთამაშე ყავთ მივლენილი.

“ყველას ვულოცავ 20-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრას. საქართველოში ფიზიკური, რთული თამაშები გველოდება, ისეთი, როგორსაც სამხრეთ აფრიკაში ველით. 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, საქართველოსთან თამაშები ფასდაუდებელ გამოცდილებას შეგვძენს“ – განაცხადა მეიპლტოფტმა.

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორიოდე დღე დაისვენეს და შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდნენ. გაფართოებულ რაზმში 40 მოთამაშეა. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ლეგიონერთა დიდმა ნაწილმა, რომელთა კლუბებს საფრანგეთში პლეი-ოფების ელის, ჯერ ვერ შეძლეს შეკრებაზე ჩამოსვლა.

რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, 27 მაისს უმცროსი ბორჯღალოსნების მარქაფაში 8-ის ნაცვლად 15 მოთამაშე იქნება. სასტარტო შემადგენლობაში 4 ლეგიონერია – ცენტრი გიორგი შველიძე, კვაჭი ბასა ხონელიძე, მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელი ნიკოლოზ საყვარელიძე, ხოლო კიდევ ერთი ლეგიონერი – ლუკა კობაური თადარიგშია.

ცენტრში თამაშს იწყებს თორნიკე კახოიძე შავი ლომიდან, რომლის ანგარიშზე 3 სანაკრებო კეპია. დამწყებებს შორის ხუთი მოთამაშე ლელოდანაა, ორი – ხვამლიდან, რუსთავის ხარებიდან, ქუთაისის აიადან და თბილისის ლოკომოტივიდან კი – თითო-თითო. საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების პირველი მატჩი 27 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება.

უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისთან

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო).

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 17. ლუკა უნგიაძე (არწივები), 18. ბექა ბერიძე (ბათუმი), 19. დავით ვარდანიძე (აია), 20. ანდრო დვალი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. გიორგი ხაინდრავა (ლელო); 24. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 25. ლუკა კობაური (პერპინიანი), 26. ლუკა კეშელავა (არმია), 27. მურთაზ ცხადაძე (არესი), 28. ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), 29. დავით ბერიძე (ლელო), 30. საბა არჩვაძე (ლელო).

კომენტარები

ბოლო ამბები