Thumbnail

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული შეჯიბრებების კომიტეტმა ვალენსიას, რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, ადრე გამოტანილი სასჯელი შეუმსუბუქა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის რეალთან მატჩისას ვინისიუსის რასისტული შეურაცხყოფის გამო, ვალენსიელებს 45 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს, ამას გარდა კი, ფანების ტრიბუნა, საიდანაც ბრაზილიელ ფეხბურთელს აგინებდნენ, 5 მატჩით დაიკეტა.

ვალენსიამ მაშინვე შეიტანა აპელაცია და მთავარ არგუმენტად იქ მოჰქონდა, რომ გადაწყვეტილება ნაადრევად, ყველა დეტალის შესწავლის გარეშე იქნა გამოტანილი.

ვინისიუსს მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნიდან შეურაცხყოფდნენ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში "ღამურების" პროტესტი ნაწილობრივად დააკმაყოფილეს და ახალი ვერდიქტის თანახმად, კლუბი მხოლოდ 27 ათას ევროს გადაიხდის, მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა კი ცარიელი ხუთის ნაცვლად, 3 მატჩზე იქნება.

საინტერესოა, რომ ვალენსიას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეუძლია, ოღონდ, უკვე ესპანეთის სპორტულ ადმინისტრაციულ სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიას ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზეა, თუმცა გასავარდნ ზონაში მყოფ ვალიადოლიდს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. მამარდაშვილის კლუბი ბოლოსწინა ტურში მესტალიაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ ესპანიოლს უმასპინძლებს. ეს თამაში 28 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები