- ნაპოლიში ლუჩანო სპალეტის სავარაუდოდ შემცვლელად ლუის ენრიკე სახელდება
- 53 წლის ესპანელი ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ კიდევ სანაკრებო მატჩიდან იცნობს
- 'სქემა კვარაცხელიას უნდა მოერგოს' - ნაპოლის კიდევ 2 მწვრთნელი დაუკავშირეს
- 'ხვიჩა დიდ ფეხბურთს ითამაშებს' - რა თქვა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ
იტალიის ჩემპიონ ნაპოლის სეზონის დასრულებამდე ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ამის შემდეგ კი გუნდს, დიდი ალბათობით, მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაემშვიდობება. ასეთია მოლოდინი ნეაპოლში, მედია კი ნაპოლის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებს უკვე ასახელებს.
ბოლო ინფორმაციით, მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მუშაობა შესაძლოა ლუის ენრიკესთან მოუხდეს. Sport.es წერს, რომ ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცთან ნეაპოლელებმა მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

მეტიც, წერენ, რომ 53 წლის ესპანელი სპეციალისტი ნაპოლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფავორიტია. იტალიელები და ენრიკე შეთანხმებულები ჯერ არაფერზე არიან, თუმცა ჩელსიში მუშაობაზე უარის თქმის შემდეგ, ლუისს ნაპოლის ჩაბარების მაღალი შანსი აქვს, თუკი, რა თქმა უნდა, სპალეტი თანამდებობიდან მართლაც წავა.
სხვათა შორის, ნაპოლიში ლუჩანო სპალეტის ლუის ენრიკეთი შეცვლის იდეას იწონებს რომას და იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი. მისი თქმით, ეს სპეციალისტები სათამაშო სტილით გვანან კიდეც ერთმანეთს.

"ერთმნიშვნელოვნად, ლუის ენრიკე ნაპოლისთვის შესაფერისი მწვრთნელია. ის მომწონს, მას პატივს ვცემ და ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა. ის კარგი ადამიანია, მორიდებული, თავისუფალია და ისტორიაშიც უკვე შევიდა, როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი. ვფიქრობ, ეს ნაპოლისთვის გამართლებული ნაბიჯი უნდა იყოს. რა შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ის სპალეტის იდეალური შემცვლელი, დიახ, რადგან ეს ორი ტაქტიკოსი სათამაშო სტილით და მომზადების დონით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს დე ლაურენტისი, ჩემი აზრით კი, ეს მშვენიერი არჩევანი იქნება", - უთხრა ტოტიმ იტალიურ მედიას.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ბოლოს ესპანეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, რომელთან ერთადაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოვიდა და თანამდებობა დატოვა. ცნობილია, რომ ამჟამად დაუსაქმებელი სპეციალისტის მიწვევას განიხილავს პარი სენ-ჟერმენიც.
კომენტარები