Thumbnail

ლინცის გრან პრი | ერაშვილმა და ჩიქოვანმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა
  • დასკვნით დღეს წარუმატებლად ბაქარ ერაშვილმა და გიორგი ჩიქოვანმა იასპარეზეს 

ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე (25-27 მაისი) საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის დასკვნით დღეს ასპარეზობაში ბაქარ ერაშვილი (-90 კგ) და გიორგი ჩიქოვანი (-100) ჩაებნენ, თუმცა ფინალურ ბლოკამდე ვერცერთმა მიაღწია. 

ერაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტუარტ მაკვატს იპონით მოუგო, რის შემდეგაც ფრანგი მაქსიმ ამბუ შებოჭა. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი 1/4-ფინალში მასპინძელ ტომას სხარფეტერთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. სამწუხაროდ, ბაქარი იქ ბრაზილიელ მარსელო გომესთან ორჯერ ვაზარზე დაეცა და ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა.

24 წლის ჩიქოვანმა გამოსვლა პირველი წრიდან დაიწყო და გერმანელ კილიან კაპელმეიერს დამატებით დროში, გაფრთხილებებით კი აჯობა, მაგრამ მეორე წრეში ბრიტანელ როს ტომპსონს ვეღარ მოერია და ასპარეზობა დაასრულა.  

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები 4 ძიუდოისტით წარსდგა. ტურნირის პირველ დღეს 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები