Thumbnail

ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გამოსვლის ფაქტორმა ქართველი ფეხბურთელებისადმი ინტერესი მთელ ევროპაში გაზარდა, განსაკუთრებით კი იტალიაში. ადგილობრივი საიტი Areanapoli აღფრთოვანებით წერს საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზე და სვამს შეკითხვას, აქცევს თუ არა ნაპოლი ყურადღებას მას და მის ციფრებს.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. 22 წლის ქართველი თავდამსხმელის ზეშედეგიანი თამაშის წყალობით, მეცი ლიგა 1-ში აღზევებასთან ახლოსაა - ბოლო ტურის წინ 69 ქულით მეორე ადგილზეა, რომელიც საგზურს იძლევა. 

გიორგი მეცის გულშემატკივრების ნამდვილი კუმირია

აი, რას წერს ნეაპოლური საიტი:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპული ფეხბურთი მოაჯადოვა, რასაც დაკვირვებული ინსაიდერების გარდა, არავინ მოელოდა. დინამო ბათუმიდან ნაპოლიში მოსული ფეხბურთელი თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია, რომელიც კი ოდესმე იტალიაში მოსულა. ლურჯ ფორმაში გატარებული მისი პირველი სეზონი დასტურია იმ წარმატებული ნაბიჯებისა, რომელიც ნეაპოლის კლუბმა გასულ ზაფხულს, კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს შესაცვლელად გადადგა. 

მაგრამ როგორც ირკვევა, საფრანგეთში ახალი კვარაცხელია ამობრწყინდა. ის ლიგა 2-ის მეცში თამაშობს, 2000-წლიანია, ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელია და მიუხედავად იმისა, რომ ლიონშია დაბადებული, საქართველოს ნაკრებში გამოდის. მას აქვს ყველაფერი, რათა გახდეს ანგარიშგასაწევი თავდამსხმელი თავის ”ნეაპოლელი” თანამემამულის გვერდით. 
 
შეიძლება ითქვას, ამ ბიჭს ჭკუიდან გადაყავს თავისი ქვეყნის მედია, რომელიც უკვე მოიხსენიებს მას "ახალ ხვიჩა კვარაცხელიად". საფრანგეთიდან წამოსული ხმების თანახმად, ეს ბიჭი რამდენიმე იტალიურ კლუბსაც მოსწონს. ვინ იცის, იქნებ დაფიქრდეს მასზე ნაპოლი".

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებზე ევროპაში ინტერესი გაზრდილია

ცნობილია, რომ მიქაუტაძით იტალიაში ტორინო, უდინეზე და მილანი ინტერესდებიან. ეს უკანასკნელი ქართველის 10 მილიონ ევროდ შეძენის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

კომენტარები

ბოლო ამბები