Thumbnail

GFC 21 | 6 წამში მოგებული ბრძოლა - გორში რეკორდი და ბევრი ნოკაუტი ვნახეთ

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • GFC 21-ის ღონისძიებას გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა
  • ოქტაგონზე 12 საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ
  • მიხეილ საჟინიანმა ორგანიზაციის რეკორდი დაამყარა

Georgian Fighting Championship შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს მაგარი ჩხუბები ამჯერად გორში შესთავაზა: GFC 21-ს 27 მაისს სწორედ გორმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ GFC-ის ღონისძიება ამ ქალაქში პირველად ჩატარდა.

GFC 21-ზე სულ 24-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ქართველების გარდა, ოქტაგონზე ირანელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი და უზბეკი მებრძოლები გავიდნენ. პირდაპირი რეპორტაჟი ევროპოპის ფეისბუქის გვერდზე და იუთუბის არხზე გადაიცემოდა. 

MAIN CARD-ზე გასამართი ყველა ბრძოლა განსაკუთრებული იყო -  MMA-ს ქომაგებისთვის ხუთივე ქართველი მებრძოლი კარგად ნაცნობი გახლდათ და ბექა გოგალაძის გარდა, მოგება ყველამ მოახერხა. მიხელ საჟინიანმა ორგანიზაციის რეკორდიც დაამყარა - ქართველმა ოზგურ ოზპოლატს 6 წამში მოუგო.

MAIN CARD

👊 93.0 კგ: ოზგურ ოზპოლატი (თურქეთი) V მიხეილ საჟინიანი (საქართველო)

მიხეილ საჟინიანს (9-2) გამოცდილ დმიტრო მიკუცასთან (11-7) უნდა ეჩხუბა, თუმცა უკრაინელი ბოლო დღეს ბრძოლას ჩაეხსნა. ჩხუბს ოზგურ ოზპოლატი (0-1) დათანხმდა, რომელიც GFC 19-ზე შოთა ბეთლემიძესთან 59 წამში დამარცხდა. ამჯერად მიხელ საჟინიანმა GFC-ის რეკორდი დაამყარა და ოზპოლატს 6 წამში მოუგო.

👊 52.2 კგ: სედა არაქელიანი (სომხეთი) V სოფია ბაღიშვილი (საქართველო)

სოფია ბაღიშვილი (6-2) ამ ჩხუბს ზედიზედ ორი წაგებული ბრძოლით შეხვდა. დიდი პოტენციალის მქონე ქართველმა გოგონამ ჯერ OCTAGON-ის ივენთზე წააგო, შემდეგ პოლონეთში, KSW-ს ღონისძიებაზე. მისი მეტოქე ამჯერად სომეხი სედა არაქელიანი (1-0) იყო, რომელიც პროფესიონალურ კარიერაში მეორე მატჩს ატარებდა. სოფიამ ძალიან რთული შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო და იმედია, მისი წარუმატებლობა წარსულს ჩაბარდება.

👊 61.2 კგ: ჰასან ჰასანოვი (აზერბაიჯანი) V ბექა გოგალაძე (საქართველო)

ბექა გოგალაძე (9-3) ოქტაგონს რუსლან ამუევთან (6-0) მარცხის შემდეგ დაუბრუნდა. წინა მატჩში ქართველ მებრძოლს GFC-ის ქამრის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა ყირგიზთან მეორე რაუნდში დამარცხდა. აზერბაიჯანელმა ჰასან ჰასანოვმა (2-1) GFC-ის ღონისძიებაზე პირველად იჩხუბა  და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ჰასაონვმა გოგალაძე პირველივე რაუნდში დააფინიშა - ჯერ ძლიერი დარტყმა გაუტარა, შემდეგ მახრჩობელათი დაიჭირა და ბექაც დანებდა.

👊 65.8 კგ: გიორგი ლელაშვილი (საქართველო) V გიორგი ეგნატაშვილი (საქართველო)

გიორგი ეგნატაშვილს (4-1) გიორგი ლელაშვილის (1-1) დამარცხება ზურაბ ფირცხელიანთან (5-1) ქამარზე ჩხუბის მისაღებად სჭირდებოდა. ლელაშვილმა ეგნატაშვილს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მეორე რაუნდში ფავორიტმა მახრჩობელა ილეთით დაიჭირა მეტოქე და საჭირო გამარჯვება დანებებით მოიპოვა.

👊 65.8 კგ: პაიამ ნაზარი (ირანი) V ილია ქარუხნიშვილი (საქართველო)

ილია ქარუხნიშვილს (5-1) ამ მატჩამდე ზედიზედ ხუთი ჩხუბი ჰქონდა მოგებული, ხოლო მისი მეტოქე საკმაოდ კარგი სპორტსმენი, ირანელი პაიამ ნაზარი (3-1) გახლდათ. ირანელმა ქართველს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია - ორივე მებრძოლი ერთმანეთის დაფინიშებასთან ახლოს იყო, თუმცა საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. მსაჯებმა დამსახურებული გამარჯვება ილია ქარუხნიშვილს მიანიჭეს.

PRELIMS

საღამო ვუსალ აღაიევისა და ნიკა ჯაკონიას ბრძოლით გაიხსნა - ქართველს პროფესიონალურ კარიერაში დებიუტი ჰქონდა და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა: ნიკამ მეტოქე პირველივე რაუნდში დანებებით დაამარცხა. მეორე ბრძოლაში ირანელმა საიდ მანღარბარიანმა დავით ასლამაზაშვილს მოუგო - ქართველი პირველ რაუნდში ძალიან დაიღალა, მეორე რაუნდში, კი მეტოქემ მის მახრჩობელას მცდელობას გაუძლო და დავითი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მუხრან ნარსავიძემ ძალიან დაძაბულ ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით ალი საფეღის მოუგო. დებიუტანტების ბრძოლაში ამირან მამულაძემ ერთი ქიქით დაუმთავრა საქმე გიორგი გელაშვილს. ბექა ერაძემ ფრიდინ ალიევი პირველ რაუნდში დააფინიშა. ამირან სახოკიამ მასზე გაცილებით ახალგაზრდა რზგან შამოიანს საწყის რაუნდში ნოკაუტით სძლია. ასევე ვადაზე ადრე მოიგო მარიამ ტორჩინავამაც, რომელმაც მახლიო მამადალიევას პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით  მოუგო.

👊 56.7 კგ: მახლიო მამადალიევა (უზბეკეთი) V მარიამ ტორჩინავა (საქართველო)

👊 65.8 კგ: ვუსალ აღაიევი (აზერბაიჯანი) V ნიკა ჯაკონია (საქართველო)

👊 83.9 კგ: საიდ მინღარბარიანი (ირანი) V დავით ასლამაზაშვილი (საქართველო)

👊 93.0 კგ: ალი სადეღი (ირანი) V მუხრან ნარსავიძე (საქართველო)

👊 61.2 კგ: გიორგი გელაშვილი (საქართველო) V ამირან მამულაძე (საქართველო)

👊 65.8 კგ: ფრიდინ ალიევი (ყაზახეთი) V ბექა ერაძე (საქართველო)

👊 70.3 კგ: რზგან შამოიანი (სომხეთი) V ამირან სახოკია (საქართველო)

 

კომენტარები

ბოლო ამბები