Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 103:104 ბოსტონ სელტიკსი
  • დერიკ უაითის ბაზერბითერმა სერია მე-7 თამაშში გადაიყვანა

ბოსტონ სელტიკსმა მართლა შეძლო ის, რასაც ცოტა ხნის წინ მხოლოდ ბოსტონის უერთგულესი გულშემატკივრები თუ წარმოიდგენდნენ: 0:3-დან სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მე-7 თამაშის უფლება მოიპოვა, რომელშიც ფავორიტი უკვე არა მაიამი, არამედ თავად სელტიკსი იქნება, რადგან ის მატჩი ბოსტონში გაიმართება. 

სელტიკსის გმირი დერიკ უაითი გახდა, რომლის ბაზერბითერმა ბოსტონს მე-6 მატჩი 104:103 მოაგებინა. და თუკი ჯეისონ ტეიტუმი და კომპანია მე-7 მატჩსაც მოიგებენ, მაიამი გახდება პირველი გუნდი NBA-ს ისტორიაში, რომელიც 3:0 უპირატესობის შემდეგ Best-of-seven-სერიას წააგებს.

მოკლედ, მაგარი დრამა ვნახეთ! საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ჯიმი ბატლერს სამი ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი მაიამი ფაქტობრივად ფინალში ჰყავდა გაყვანილი. მერე იყო ბოსტონის ბოლო შეტევა, ბოლო წამი, მარკუს სმარტმა ისროლა, არაზუსტად, მაგრამ წამის ბოლო მეათედზე ყველას დერიკ უაითმა დაასწრო და ჩააგდო! 

დერიკ უაითის ბაზერბითერის ეს კადრი ისტორიას დარჩება: დრო ამოიწურა, ბურთი კალათშია

მანამდე, მაიამის 12:2 გაქცევა და მანამდე არცისე კარგად მოთამაშე ჯიმი ბატლერის 10 ქულით (ჯამში 24 ქულა, 5/21, 11 მოხსნა, 8 ასისტი) თამაშიც შეტრიალებული ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ჰიტი მაინც ხელცარიელი დარჩა. ჯეისონ ტეიტუმი ბატლერთან დუელში დიდხანს დომინირებდა, მაგრამ სელტიკსის ვარსკვლავი მეორე ტაიმში დაიკარგა. 31 ქულიდან ტეიტუმმა 25 პირველ ტაიმში ჩააგდო. ჯეილენ ბრაუნმა 26 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, მარკუს სმარტმა 21 და 4 სამქულიანი ჩააგდო. მაიამიდან კი ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო 10 და მეტი ქულა. განსაკუთრებით კარგად კალებ მარტინი (21 ქულა, 7/13), გეიბ ვინსენტი (15) და დანკან რობინსონი (13 ქულა, 5/11) გამოიყურებოდნენ. ბემ ადებაიომ (11 ქულა, 4/16, 13 მოხსნა) შეტევაში ვერ ივარგა.

რაც თვალში მოგვხვდა

🏀 | ტეიტუმს პირველ ტაიმში 25 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და ბატლერს მნიშვნელოვნად სჯობნიდა. მიუხედავად ამისა, მაიამელები თამაშში იყვნენ, რადგან სამიანებს აგდებდნენ. პირველ ტაიმში მაიამის 15-დან 9 სამიანი ჰქონდა ჩაგდებული, ბოსტონს კი - 15-დან მხოლოდ 3. ჰიტს პირველ 24 წუთში თამაშიდან 39 პროცენტი ჰქონდა ჩაგდებული, სელტიკსს - 51%. 

🏀 | საერთო ჯამში, მაიამიმ თამაშიდან მხოლოდ 35% ჩააგდო, განსაკუთრებით ცუდად კი ამ მხრივ მესამე პერიოდში ჰქონდა საქმე (5/27). უნდა ითქვას ისიც, რომ მაიამის ჯამში  ბოსტონზე 15-ით მეტი სროლა ჰქონდა.

🏀 | სამქულიანებში მაიამიმ ბოსტონს მნიშვნელოვნად აჯობა: ჰიტი - 14/30, სელტიკსი - 7/35. შედეგიდან გამომდინარე გასაკვირია ისიც, რომ მაიამი გაცილებით იშვიათად კარგავდა ბურთს (5:12). პლუს ამას, მაიამის შეტევაში 17 მოხსნა ჰქონდა, ბოსტონს - 12. მოკლედ, სტატისტიკა ბევრ რამეს ამბობს მაიამის სასარგებლოდ, მაგრამ თამაში მაინც ბოსტონმა მოიგო.

🏀 | დერიკ უაითის ბაზერბითერი მხოლოდ მე-6 ბაზერბითერი გახლდათ, რომელმაც გუნდი გავარდნისგან იხსნა. ბოლოს ასეთი ბაზერი კავაი ლეონარდს ჰქონდა კონფერენციის ნახევარფინალის მე-7 თამაშში ფილადელფიასთან. 

🏀 | ბოსტონ სელტიკსი მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე გუნდია, რომელმაც 0:3-დან ამოქაჩა და მე-7 თამაშის უფლება მოიპოვა. ასეთი ქამბექი კი ბოლომდე ჯერ არცერთ გუნდს არ მიუყვანია. თუმცა ბოსტონი პირველია, ვისაც 0:3-დან დაბრუნების შემდეგ, მე-7 თამაში საკუთარ დარბაზში ექნება. 

ერიკ სპოელსტრა (მაიამის მთავარი მწვრთნელი): “წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიგებთ ამ სერიას, მაგრამ ჩვენ ახლა იქ ჩავალთ და ამ სერიას მოვიგებთ. ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, მე-7 თამაშს ახლავე დავიწყებდით, ამ წამსვე!”

დერიკ უაითი (ბოსტონ სელტიკსი): “ყველა მეკითხებოდა, მოასწარი თუ ვერაო და ყველას ვპასუხობდი, რომ მოვასწარი-მეთქი.”

ჯიმი ბატლეტი (მაიამი ჰიტი): “უკეთესად რომ მეთამაშა, ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით.”

ჯეისტონ ტეიტუმი (ბოსტონ სელტიკსი): “ჯერ კიდევ მიჭირს დაჯერება. ეს ყველაფერი ხომ დიდი სიგიჟეა. უბრალოდ მიხარია, რომ კიდევ ერთი შანსი მივიღეთ.”

ეს სერია უკვე ისტორიულია. მე-7 თამაში სამშაბათს გამთენიისას, ბოსტონში გაიმართება და თბილისის დროით 04:30-ზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები