Thumbnail
  • მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის გამო იმედგაცრუებულია
  • იურგენ კლოპმა მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე ისაუბრა

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა და ცხადია, მერსისაიდულ კლუბში ამის გამო ყველა ფრუსტრირებულია. განსაკუთრებით იმედგაცრუებულია მოჰამედ სალაჰი, რომელმაც ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით ბევრს აფიქრებინა, რომ რაკი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონი ლივერპულის გარეშე ჩაივლის, მას იქ დარჩენა აღარ სურს და კლუბის შეცვლას აპირებს.

“აბსოლუტურად განადგურებული ვარ. არ არსებობს ისეთი რამ, რაც გაგვამართლებს. რაც საჭირო იყო ყველაფერი გვქონდა იმისათვის, რომ მომდევნო სეზონშიც გვეთამაშა ჩემპიონთა ლიგაში და ყველას იმედები გავუცრუეთ. ჩვენ ლივერპული ვართ და ჩემპიონთა ლიგაში თამაში აბსოლუტური მინიმუმია, რასაც უნდა ვაკეთებდეთ,” - წერდა სალაჰი “ტვიტერზე”.

ლოგიკურია, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელის ამ პოსტმა უდიდესი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ინგლისურ მედიაში იწერება, რომ სალაჰს მომხდარის გამო ლივერპულში დარჩენა აღარ სურს, რადგან ჩემპიონთა ლიგაში თამაში მისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. თუმცა ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს არ სჯერა, რომ სალაჰს გაქცევა უნდა.

“მოს უყვარს ეს კლუბი,” - განაცხადა კლოპმა საუთჰემპტონთან ბოლო ტურის მატჩის წინ და თავის ფეხბურთელებს მიმართა: “ჩემთვის ოდესმე რომელიმე ფეხბურთელს რომ ეთქვა, ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავედით და უნდა წავიდეო, ასეთ მოთამაშეს მე თვითონ წავიყვანდი სხვა კლუბში. მაშინვე ავტომობილის გასაღებს ავიღებდი და ვეტყოდი, წამოდი, წავიდეთ, სად გინდა, მე წაგიყვან-მეთქი.”

ლივერპულის გერმანელ მწვრთნელს არ ესმის, რატომ მოჰყვა სალაჰის პოსტს ამხელა აურზაური: “მე მის სიტყვებში ისეთი ვერაფერი ამოვიკითხე, რაც მაფიქრებინებდა, რომ წასვლა სურს.”

ლივერპულს ინგლისის პრემიერლიგაში მე-5 ადგილი და ევროპალიგაში თამაში განაღდებული აქვს. კლოპის გუნდი ბოლო ტურში დღეს საუთჰემპტონს სტუმრობს და ვეღარც მე-4 ადგილამდე აღზევდება და აღარც მე-5 პოზიციის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. თავის მხრივ, საუთჰემპტონიც უკვე გავარდნილია…

კომენტარები

ბოლო ამბები