- დონეცკის შახტარი 3:0 დნიპრო 1
- მატჩის მიწურულს სიტუაცია დაიძაბა და მთავარმა მსაჯმა 4 ფეხბურთელი გააძევა
უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის შახტარი მთავარ კონკურენტს, მეორეადგილსოან დნიპრო 1-ს დაუპირისპირდა, 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმა. იგორ იოვიჩევიჩის გუნდმა მეტოქეს უკვე 8 ქულით გაასწრო, გუნდებს კი მხოლოდ 1 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი.
გიორგი გოჩოლეიშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მე-9 წუთზე დონეცკელებმა ანგარიში გახსნეს - საჯარიმოს გარეთ ბურთი ბონდარენკოს მიუვიდა, რომელმაც კარში დაარტყა და თავისი გუნდი დააწინაურა. პირველ ტაიმში რეალური საგოლე ეპიზოდი გუნდებს აღარ ჰქონიათ.
მეორე ტაიმში შახტარმა მალევე შეძლო უპირატესობის გაზრდა. 55-ე წუთზე ოლეკსანდრ ზუბკოვმა შესანიშნავი პასის შემდეგ მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა და თანაგუნდელი, დანილო სიკანი მეკარესთან პირისპირ დატოვა, უკრაინელმა ფეხბურთელმა რიბაკი მოატყუა და ცარიელ კარებში ბურთი შეაგორა. ზუსტად 4 წუთში იგორ იოვიჩევიჩის გუნდმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - დაცვის შეცდომით დონეცკელებმა ისარგებლეს, ბოლოს ბურთი ბონდარენკომ ტარას სტეპანენკოს გადააწოდა, რომელმაც შორიდან ძლიერი დარტყმით გაისროლა და გაიტანა. მატჩის მიწურულს სიტუაცია დაიძაბა და გულშემატკივრებმა ჩხუბიც იხილეს, რის შემდეგაც მთავარ მსაჯს 4 წითელი ბარათის ამოღება მოუწია. პეგლოუს, ნაზარინასა და ფედორივის გარდა, წითელი ბარათო დონეცკელთა მეკარემ, ანატოლი ტრუბინმაც მიიღო, რომლის ნაცვლად ცოტა ხანი კარში ჩადგომა რაკიცკის მოუწია.
შახტარი უკრაინის ჩემპიონი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა. ამ მაჩვენებლით ისინი მხოლოდ დინამო კიევს ჩამოუვარდებიან, რომელსაც ეს ტიტული 16-ჯერ აქვთ მოპოვებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჩემპიონატის გამარჯვებული 18 ტურის შემდეგ გამოცხადდა. მიზეზი 24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრისა და იქ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაა.
გოლები: 1:0 ბონდარენკო (‘9), 2:0 სიკანი (‘55. ზუბკოვის პასით), 3:0 სტეპანენკო (‘59. ბონდარენკოს პასით).
კომენტარები