- ბოლონია 2:2 ნაპოლი
- გოლები: 0:1 ოსიმენი (14), 0:2 ოსიმენი (54), 1:2 ფერგიუსონი (63), 2:2 დე სილვესტრი (84)
- ვიქტორ ოსიმენმა საუკეთესო ბომბარდირობა ფაქტობრივად გაინაღდა
ეს მატჩი სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის უმოტივაციო გახლდათ - ნაპოლი დიდი ხანია ჩემპიონია, ბოლონიას კი არც გავარდნის საფრთხე ემუქრება და ვეღარც ევროტურნირებისთვის იბრძვის. შესაბამისად, ლოგიკური იყო ცვლილებები ძირითად შემადგენლობაშიც. ნაპოლის დაცვის მარჯვენა ფლანგზე არა კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, არამედ ბარტოშ ბერეშინსკი ვიხილეთ, შეტევაში მარჯვნივ კი - ალესიო ძერბინი.

მატჩი ნელ ტემპში დაიწყო, ბურთი ბოლონიას უფრო ხშირად ჰქონდა. მე-14 წუთამდე, სანამ ვიქტორ ოსიმენი ანგარიშს გახსნიდა, საგოლე მომენტები არ ყოფილა და პრინციპში, ოსიმენიც გოლიც “არსაიდან” გავიდა: ბოლონიას მეკარე სკორუპსკიმ მას უბრალოდ ბურთი ჩააბარა და ნიგერიელმაც ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა. ამის შემდეგ, პირველ ტაიმში განსაკუთრებული თითქმის აღარაფერი მომხდარა. ტექნიკურად 1-2-ჯერ კარგად თამაშის გარდა ხვიჩა კვარაცხელიასაც არ ჰქონია მომენტები.
მეორე ტაიმიც იდენტურად დაიწყო და პირველი, რაც საინტერესო მოხდა, ისევ ოსიმენის გოლი გახლდათ - ოღონდ ამჯერად დამსახურებული და კარგად შესრულებული. ბერეშინსკის პასის შემდეგ ნიგერიელმა შესანიშნავად დაარტყა. სწორედ ამის შემდეგ, 58-ე წუთზე ჰქონდა კვარაცხელიას მომენტი, როცა საჯარიმოს გარედან ეფექტური მოძრაობის შემდეგ დაარტყა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.

სხვათა შორის, ოსიმენს უკვე 25 გოლი აქვს სერია A-ს ამ სეზონში და ნიგერიელმა ფაქტობრივად გაინაღდა საუკეთესო ბომბარდირის წოდება (ლაუტარო მარტინესს 21 გოლი აქვს და ინტერი ბოლო ტურში ტორინოს ეთამაშება). ამრიგად, ოსიმენმა ამ სეზონში უკვე იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე წინა ორ სეზონში ერთად (2020/21 წლების სეზონში მას ნაპოლის მაისურით 10 გოლი ჰქონდა, 2021/22 წლების სეზონში კი - 14).

63-ე წუთზე ბოლონიამ სხვაობა შეამცირა: ფერგიუსონმა გოლინის შეცდომით ისარგებლა, 3 წუთში კი ლუჩანო სპალეტიმ მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა და კვარაცხელიაც. ბოლონიას მწვრთნელის, ტიაგო მოტას ცვლილებებმა უფრო გაამართლა: 84-ე წუთზე დე სილვესტრიმ ანგარიში გაათანაბრა! ბოლო წამებზე ბოლონიელებმა მესამეც გაიტანეს, მაგრამ სანსონე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა...
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და ამაში ძალიან დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის. 22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ნეაპოლში წინა ზაფხულს, დინამო ბათუმიდან გადავიდა, ყველა ტურნირის 42 მატჩში ითამაშა, გაიტანა 14 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი, 5-ჯერ კი პენალტი მოიპოვა. სხვათა შორის, მარტის შემდეგ, ზედიზედ 13 ოფიციალური შეხვედრაა, კვარას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, რაც მისი კარიერის ყველაზე ცუდი სერიაა. ამ პერიოდში 22 წლის ქართველმა მხოლოდ 1 პენალტის გამომუშავება მოახერხა.
ბოლონია 2:2 ნაპოლი
გოლები: 0:1 ოსიმენი (14), 0:2 ოსიმენი (54), 1:2 ფერგიუსონი (63), 2:2 დე სილვესტრი (84)
ბოლონია (4-2-3-1): სკორუპსკი - პოში (74. დე სილვესტრი), ბონიფაცი (74. მედელი), ლუკუმი, კამბიასო - სხოუტენი, დომინგესი - აებიშერი (60. სანსონე), ფერგიუსონი, ბაროუ (61. მორო) - არნაუტოვიჩი (60. ზირკზეე).
ნაპოლი (4-3-3): გოლინი - ბერეჟინსკი, რაჰმანი, კიმი (79. ჟუან ჟეზუში), ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (87. გაეტანო) - ძერბინი (79. ზედადკა), ოსიმენი (66. სიმეონე), კვარაცხელია (66. რასპადორი).
კომენტარები