Thumbnail
  • მონაკოს გრანპრი მაქს ფერსტაპენმა უპრობლემოდ მოიგო
  • ნიდერლანდელი და რედ ბული უკვე ძალიან დიდი უპირატესობით იგებენ
  • ფერანდო ალონსო მეორე იყო, მესამეზე კი ესტებან ოკონი გავიდა

ფორმულა 1-ის რბოლის ამაზე მარტივად მოგება ალბათ შეუძლებელია…

მონაკოს გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო - კიდევ ერთხელ! ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონისთვის ეს 2021 წლის შემდეგ მონაკოში მეორე ტრიუმფია, ამ სეზონში კი - მე-5 გამარჯვება მე-6 რბოლაში. ჩემპიონური სტატისტიკაა!

დიდი შანსია, რომ 25 წლის ფერსტაპენისთვის ეს მართლაც ყველაზე ადვილი გამარჯვება იყოს ამ სეზონში. რედ ბულის ვარსკვლავმა ფაქტობრივად უპრობლემოდ იარა სტარტიდან ფინიშამდე. თვით სტარტზეც კი, სადაც პოულის მფლობელის გადასწრების საუკეთესო შანსია ხოლმე, ნიდერლანდელი ვერავინ შეაშინა. მათ შორის, ვერც ფერნანდო ალონსომ, რომელიც სტარტზე მეორე იდგა. 41 წლის ესპანელი საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა, ესტებან ოკონი (Alpine) კი - მოულოდნელად, მესამეზე.

მაქსისთვის პრობლემა შეიძლებოდა საბურავების მენეჯმენტი ყოფილიყო, ანაც წვიმა. თუმცა ღრუბლიანობამ თავისი შედეგი მხოლოდ 50-ე წრეზე გამოიღო, როცა ფერსტაპენს რაციაში უთხრეს, რომ მე-6 მოსახვევში წვიმის წვეთები შეინიშნებოდა. ცოტა ხანში მერსედესის პილოტმა ჯორჯ რასელმაც თქვა, რომ მესამე მოსახვევშიც დაიწყო წვიმა. პილოტები Intermediate-საბურავებზე გადავიდნენ - მათ შორის ფერსტაპენიც, რომელსაც ბოქსებიდან გამოსვლის შემდეგ ალონსოსთან 20-წამიანი უპირატესობა ჰქონდა. მათ უკან კი ქაოსი იყო.  

ალონსოს არ გაუმართლა, რომ მისმა გუნდმა საბურავების შეცვლისას შეცდომა დაუშვა. მიუხედავად დაწყებული წვიმისა, ასტონ მარტინში Medium-საბურავებზე გააკეთეს არჩევანი. შეცდომას მალევე მიხვდნენ და ერთი წრის შემდეგ ალონსო ისევ ბოქსებში დაიბარეს და Intermediate-საბურავებზე გადაიყვანეს. არადა, ალონსოს მხოლოდ ერთი პიტსტოპი რომ ჰქონოდა, ბოქსებიდან შეიძლებოდა ფერსტაპენზე წინაც გამოსულიყო…

საერთო ჩათვლა - TOP 10

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 144 ქულა
2. სერხიო პერესი (რედ ბული) - 105
3. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 93
4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 69
5. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 50
6. კარლოს საინსი (ფერარი) - 48
7. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 42
8. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 27
9. ესტებან ოკონი (Alpine) - 21
10. პიერ გასლი (Alpine) - 14

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 249
2. ასტონ მარტინი - 120
3. მერსედესი - 119
4. ფერარი - 90
5. Alpine - 35
6. მაკლარენი - 17
7. ჰაასი - 8
8. ალფა რომეო - 6
9. ალფა ტაური - 2
10. უილიამსი - 1

კომენტარები

ბოლო ამბები