Thumbnail

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩები გაიმართა. სამგურალმა და დილამ წყალტუბოში ფრედ ითამაშეს, სამტრედიამ გაგრას გასვლაზე მოუგო, ტორპედო კი ერთ-ერთ აუტსაიდერ შუქურასთან დამარცხდა, საბურთალომ გასვლაზე თელავთან გაიმარჯვა. 

განსაკუთრებით დაძაბული შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებს შორის შედგა - სამგურალი დილასთან 0:2 მარცხდებოდა, თუმცა გათანაბრება მაინც მოახერხა. მასპინძლებს, როგორც პირველ, ისე მეორე ტაიმში ანგარიშის გახსნა რამდენჯერმე შეეძლოთ, მაგრამ გორელთა მეკარე ევგენ კუჩერენკომ რთული დარტყმები მოიგერია. ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა - ტიერი გეილმა დილა დააწინაურა. 70-ე წუთზე ონორე გომესმა სხვაობა ორამდე გაზარდა და სტუმრებმა ძალიან კარგი უპირატესობა მიიღეს. წყალტუბოელებმა ერთი გოლი 78-ე წუთზე შეაგდეს - ნიკა ხორხელისა და გიორგი ნიქაბაძის კომბინაციას ამ უკანასკნელის გოლი მოჰყვდა. შეხვედრის მთავარი მოვლენები დარჩენილ დროში განვითარდა. 

მატჩის დამატებულ წუთებზე ლადო ჩიხრაძის წინააღმდეგ თორნიკე ძოწენიძე და რევაზ ჩიტეიშვილი თამაშობდნენ - სამგურალის ფორვარდი ძირს დაეცა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გორელთა კარში პენალტი დანიშნა. ამ ეპიზოდს დილას ფეხბურთელების უკმაყოფილება მოჰყვა - ისინი ამტკიცებდნენ, რომ დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო და არა მის ხაზზე. თამაშს VAR-ის სისტემა არ ემსახურებოდა, ამიტომ მომენტის გადახედვის საშუალება მსაჯებს არ ჰქონდათ. პენალტი ზუსტად ნოდარ ლომინაძემ შეასრულა და სამგურალს ქულა გადაურჩინა - 2:2. 


ამ მატჩის შემდეგ სამგურალს 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. დილას 31 ქულა დაუგროვდა და მეხუთეა. მომდევნო ტურში წყალტუბოელები სამტრედიას შეხვდებიან, დილა თელავს უმასპინძლებს. 

ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო ქუთაისის ტორპედომ - ამჯერად სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ შუქურასთან. ქობულეთელთა რიგებში დუბლი ცოტნე ფაცაციამ შეასრულა, რომელიც მიმდინარე სეზონში შუქურას საუკეთესო ფეხბურთელია და ეროვნულ ლიგაში ნათამაშებ სადებიუტო სეზონში უკვე 6 გოლი დაუგროვდა. ტორპედოს შემადგენლობაში ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა კაიკე დავიდმა პენალტით გაიტანა. საბოლოოდ, შუქურამ 2:1 მოიგო და ცხრილის ბოლო ადგილს თავი დააღწია - ქობულეთელები 12 ქულით მე-7 პოზიციაზე არიან, ტორპედოს 20 ქულა დარჩა და ისევ მეექვსე ადგილზე გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ტორპედომ ახალი მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის ხელმძღვანელობით მესამე მატჩი ჩაატარა და ჯერ ქულა არ აუღია. 

საბურთალომ წაუგებელი მატჩების სერია 10-მდე გაზარდა - ომარ თეთრაძის გუნდმა ამჯერად, გასვლაზე თელავს 3:0 მოუგო. ლამაზი გოლი გაიტანა ლუკა სილაგაძემ - თბილისელთა შემტევმა საჯარიმო დარტყმიდან შეაგდო. სილაგაძის გარდა საბურთალოს რიგებში თავი გიორგი ჯგერენაიამ და გიზო მამაგეიშვილმა გამოიჩინეს. საბურთალომ გამარჯვების შემდეგ 35 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ დინამო ბათუმს 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში თეთრაძის გუნდი დინამო თბილისს შეხვდება. თელავს 11 ქულა დარჩა და ეროვნული ლიგის ცხრილში ბოლო ადგილს სამტრედიასა და გაგრასთან ერთად იყოფს. 

გაგრა 0:1 სამტრედია

გოლი: მეტიუ ოლატუნჯი (57)

სამგურალი 2:2 დილა

გოლები: 0:1 გეილი (53), 0:2 გომისი (70), 1:2 ნიქაბაძე (78), 2:2 ლომინაძე (90+5-პენ.)

ტორპედო 1:2 შუქურა

გოლები: 0:1, 0:2 ფაცაცია (69, პენ; 90+1), 1:2 კაიკე დავიდი (90+3-პენ.)

თელავი 0:3 საბურთალო

გოლები: 0:1 ჯგერენაია (45+1), 0:2 სილაგაძე (74), 0:3 გიზო მამაგეიშვილი (88)

კომენტარები

ბოლო ამბები