- მეორე ბუნდესლიგა ჰაიდენჰაიმმა მოიგო და ელიტაში ითამაშებს
- ბოლო ტურის ბოლო წუთებზე მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა
- I ბუნდესლიგის საგზურისთვის პლეი ოფში ჰამბურგი და შტუტგარტი იბრძოლებენ
ჰამბურგი სულ დრამებშია და წლებია, ეს არავის უკვირს, მაგრამ ეს მაინც ნამეტანი იყო…
მეორე ბუნდესლიგის გამარჯვებული ჰაიდენჰაიმი გახდა - ზღაპრული ქამბექით! და ჰამბურგი, რომლის ფანები ელიტაში დაბრუნებას უკვე მოედანზე ზეიმობდნენ, მაინც რელეგაციაში გაუშვა - ანუ პლეი ოფში…

რეალურად, დიდხანს ისე ჩანდა, თითქოს ჰამბურგი მართლაც პირდაპირ ბრუნდებოდა პირველ ბუნდესლიგაში. HSV-მ ბოლო ტურის მატჩი ზანდჰაუზენში მარტივად, 1:0 მოიგო. პარალელურად, ჰაიდენჰაიმი 93-ე წუთამდე რეგენსბურგში 1:2-ს აგებდა.
…და რა მოხდა მერე? 93-ე წუთზე იან-ნიკლას ბესტემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მსაჯს მატჩისთვის 11 წუთი (!) ჰქონდა დამატებული და ამრიგად, ჰაიდენჰაიმელებს კიდევ 8 წუთი ჰქონდათ გამარჯვების გოლის გასატანად. და ეს მართლაც მოახერხეს: ფრანკ შმიდტის გუნდმა მესამეც გაიტანა 99-ე წუთზე - ჰაიდენჰაიმი გერმანიის საფეხბურთო ელიტაში ტიმ კლაინდინსტმა გადაიყვანა!
არადა, ამ დროს ჰამბურგის გულშემატკივრები ზანდჰაუზენში უკვე მოედანზე იყვნენ შევარდნილები და HSV-ს ელიტაში გადასვლას ზეიმობდნენ, როცა რეგენსბურგიდან ჰაიდენჰაიმის ზღაპრული ქამბექის ამბავი მოვიდა. ჰამბურგს ამ დროს თვით სტადიონის გამომცხადებელიც ულოცავდა ელიტაში დაბრუნებას…

“ასეთია ფეხბურთი… როცა ფანები მოედანზე შემოვარდნენ, ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. არადა, თურმე ჰაიდენჰაიმს კიდევ ჰქონდა წუთები.” - უთხრა ემოციური ამბების შემდეგ ჰამბურგის კაპიტანმა Sky-ს.

ასე გადაიქცა ჰამბურგელთა ზეიმი დრამად. თუმცა ჰამბურგი პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების შანსს მაინც ინარჩუნებს: ჩრდილოგერმანულმა კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა და სარელეგაციო პლეი ოფში პირველი ბუნდესლიგის მე-16 ადგილზე გასულ შტუტგარტს შეხვდება. ანუ, მომდევნო სეზონში პირველ ბუნდესლიგაში ან შტუტგარტი ითამაშებს, ანაც ჰამბურგი დაბრუნდება. HSV-ს და VFB-ს დუელები 1 და 5 ივნისს დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ ჰამბურგმა შარშან სარელეგაციო პლეი ოფი ბერლინის ჰერტასთან წააგო. მაშინ HSV-ში გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა…
P.S. ჰაიდენჰაიმთან ერთად, პირველი ბუნდესლიგის საგზური დარმშტადტმაც გაინაღდა. ელიტიდან კი შალკე და ჰერტა გავარდნენ.
კომენტარები