Thumbnail
  • ვალენსია 2:2 ესპანიოლი
  • ვალენსიამ სამუელ ლინომ ბოლო წუთზე გადაარჩინა
  • გიორგი მამარდაშვილს სამი სეივი დაუგროვდა

ესპანეთის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და გუნდები ბოლო შეხვედრებს მართავენ. დაძაბულობა ლა ლიგის ცხრილის მეორე ნახევარშია, სადაც გუნდები იბრძვიან, რომ ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნონ. მათ შორის გიორგი მამარდაშვილის ვალენსიაცაა, რომელიც 37-ე ტურში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ესპანიოლს დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში 2:2 ითამაშა.

მატჩის 38-ე წუთზე ფლანგიდან ანდრე ალმეიდას ჩაწოდების შემდეგ ესპანიოლის მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, რომელიც ბოლოს დიეგო ლოპესს მიუვიდა - ესპანელმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა. ძალიან მალე, მე-40 წუთზე კატალონიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, ლეანდრო კაბრერას ჩაწოდებულ ბურთს სეზარ მონტესი გამოეხმაურა, რომელმაც თავით მამარდაშვილს აუღებელი დაურტყა.

მეორე ტაიმის სტარტზევე ესპანიოლმა წინ გასწვლა მოახერხა, გოლი ხავი პუადოს აქტიურობას მოჰყვა, რომლის ჩაწოდების შემდეგაც მამარდაშვილმა ბურთი უხერხულად მოიგერია, მის წინ კი მარტინ ბრაიტვაიტი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 63-ე წუთზე ესპანიოლს უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ კუთხურიდან თავური დარტყმის შემდეგ მამარდაშვილმა მაგარი სეივით მონტესს დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა. 93-ე წუთზე ხოსე გაიამ სამუელ ლინო დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მომენტი გამოიყენა, მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ ვალენსიას ლა ლიგაში დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაადგმევინა.

მამარდაშვილს ამ შეხვედრაში 3 სეივი დაუგროვდა. ბარახას გუნდს 41 ქულა აქვს და გასავარდნ ზონამდე 2 ქულა აშორებს, მომდევნო და ბოლო ტურში ვალენსია ბეტისს ესტუმრება და მხოლოდ თავის თავზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად მოგება სჭირდება.

ვალენსია 2:2 ესპანიოლი

გოლები: 1:0 ლოპესი (38), 1:1 კაბრერა (40), 1:2 ბრაიტვაიტი (50), 2:2 ლინო (93).

კომენტარები

ბოლო ამბები