Thumbnail

უკვე მერამდენე კვირაა, ქართული საფეხბურთო ლეგიონიდან უიკენდის ერთ-ერთ მთავარ ჰედლაინებს გიორგი მიქაუტაძე "წერს". საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მართლაც გამორჩეული სეზონი აქვს, რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად დაუფასდა: მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნაპოლის თავის ტრიუმფალურ სეზონს უმოტივაციო თამაშებით ასრულებს - ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი ისევ ვერ გაიტანა და სამხრეთიტალიური კლუბიდან მთავარი ამბავი ახლა ის არის, რომ მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის წასვლა დადასტურდა. გიორგი მამარდაშვილის ვალენსია გადარჩენისთვის ბრძოლაშია და ქართველი მეკარის შესახებ ახალი სატრანსფერო ცნობები ვრცელდება. NBA-ში ბოსტონ სელტიკსი ისტორიული "ქამბექის" სრულყოფის პროცესშია. შაბათ-კვირის მნიშვნელოვანი ამბები ორშაბათის საკითხავში.


მიქაუტაძე | სეზონის საუკეთესო ლიგა 2-ში

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა (UNFP) 2022/23 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა. ყველა ვარაუდობდა, რომ ქართველი ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და მოლოდინები გამართლდა. ეს ლოგიკურია, რადგან 22 წლის ფეხბურთელს გამორჩეული სეზონი აქვს - ის 23 გოლით ბომბარდირთა სიის სათავეშია და მის ანგარიშზე ასევე 8 საგოლე პასია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიქაუტაძე თავისი გუნდის მთავარი ლიდერია, გუნდის, რომელსაც ლიგა 1-ში აღზევებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. სხვათა შორის, 2010 წელს ეს ჯილდო ოლივიე ჟირუს აქვს მოგებული...

📋 | ბოლო სიახლეები გიორგი მიქაუტაძეზე ნახეთ აქ.

მამარდაშვილი | ზღაპრული შეთავაზება ნიუკასლისგან?

ლა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ესპანიოლთან 2:2 ითამაშა და კატალონიური კლუბი დაქვეითებისთვის გაწირა. თავად ვალენსიას გასავარდნ ზონას ბოლო ტურის წინ 2 ქულა აშორებს. ამაზე უფრო საინტერესო ამბავი ის არის, რომ ესპანეთში წერენ, ქართველი მეკარე ვალენსიაში არ დარჩებაო. ბოლო ინფორმაციით, მამარდაშვილს ყველაზე კარგ წინადადებას ნიუკასლი უმზადებს.

📋 | მამარდაშვილის თამაშის მიმოხილვა და ბოლო სიახლეები ნახეთ აქ.

ნაპოლი | სპალეტი მიდის! ვინ შეცვლის ლუჩანოს?

ის, რასაც ყველა ხვდებოდა, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: ლუჩანო სპალეტი მომავალ სეზონში ნაპოლის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ამის შესახებ ბოლოს და ბოლოს ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ისაუბრა. მანამდე, ნაპოლიმ სერია A-ს ბოლოსწინა ტურში ბოლონიაში ფრე ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ვერ გაიტანა, სპალეტიმ ის მაინც ძალიან შეაქო. სულ ბოლო ინფორმაციით, ნაპოლი მოლაპარაკებებს ესპანელ სპეციალისტთან, ლუის ენრიკესთან აწარმოებს.

📋 | ყველა ბოლო სიახლე ნაპოლიზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ნახეთ აქ.

GFC 21 | რეკორდი და ნოკაუტები გორში

Georgian Fighting Championship შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს ჩხუბები ამჯერად გორში შესთავაზა. GFC 21-ზე სულ 24-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ქართველების გარდა, ოქტაგონზე ირანელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი და უზბეკი მებრძოლები გავიდნენ. MAIN CARD-ზე გასამართი ყველა ბრძოლა განსაკუთრებული იყო -  MMA-ს ქომაგებისთვის ხუთივე ქართველი მებრძოლი კარგად ნაცნობი გახლდათ და ბექა გოგალაძის გარდა, მოგება ყველამ მოახერხა. მიხელ საჟინიანმა ორგანიზაციის რეკორდიც დაამყარა - ქართველმა ოზგურ ოზპოლატს 6 წამში მოუგო.

📋 | ივენთის მიმოხილვა და ყველა ბრძოლა ნახეთ აქ.

NBA | არ გამოტოვოთ მე-7 თამაში!

ბოსტონ სელტიკსმა მართლა შეძლო ის, რასაც ცოტა ხნის წინ მხოლოდ ბოსტონის უერთგულესი გულშემატკივრები თუ წარმოიდგენდნენ: 0:3-დან სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მე-7 თამაშის უფლება მოიპოვა, რომელშიც ფავორიტი უკვე არა მაიამი, არამედ თავად სელტიკსი იქნება, რადგან ის მატჩი ბოსტონში ხვალ, სამშაბათს გამთენიისას გაიმართება. ეს თამაში არ უნდა გამოტოვოთ! თუკი ჯეისონ ტეიტუმი და კომპანია მე-7 მატჩსაც მოიგებენ, მაიამი გახდება პირველი გუნდი NBA-ს ისტორიაში, რომელიც 3:0 უპირატესობის შემდეგ Best-of-seven-სერიას წააგებს.

📋 | მეექვსე მატჩი ისტორიული იყო - მიმოხილვა ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები